სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის დაკვეთით Edison Research-ის მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო განწყობების კვლევის შედეგი 6 ოქტომბერს გამოქვეყნდება.
ამის შესახებ დღეს, 4 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, სადაც საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგია Edison Research-ისა და რუსთავი 2-ის წარმომადგენლებმა საზოგადებას გააცნეს.
Edison Research-მა წინასაარჩევნო განწყობების კვლევა 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში ჩაატარა.
Edison Research-ის პირველმა ვიცეპრეზიდენტმა რობ ფარბმანმა განაცხადა, რომ პირისპირ ინტერვიუს გზით გამოიკითხა 18 წელს ზემოთ ასაკის 12 000 რესპონდენტი.
რობ ფარბმანის თქმით, მათ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეარჩიეს გამოკითხული რესპონდენტები და ამისთვის გამოიყენეს საქსტატის მისამართების მონაცემები.
კვლევის ავტორები ამბობენ, რომ საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 3% არის. გამოკითხვა თბილისში ჩატარდა.
ნინო ჯაფარიძემ, Edison Research-ის ვიცეპრეზიდენტმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ საველე სამუშაოები ადგილობრივმა კომპანიებმა განახორციელეს.
“საზოგადოებრივი აზრის კვლევა ედისონის კომპანიამ ჩაატარა, ადგილობრივი პარტნიორები აარჩია. შევარჩიეთ გუნდი, რომელიც ჩვენთვის, ჩვენი სტანდარტებისთვის, ყველაზე მისაღები არის. მათ ვინაობას კვლევის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დავდებთ”, – გვითხრა ნინო ჯაფარიძემ.
Edison Research ასევე გეგმავს, რომ არჩევნების დღეს, 21 ოქტომბერს ჩაატაროს ეგზითპოლი თბილისსა და ქუთაისში, რომლის შედეგები 21 ოქტომბერს, 8 საათის შემდეგ გახდება ცნობილი.
ნინო ჯაფარიძის თქმით, ეგზითპოლისთვის იმდენ უბანს შეარჩევენ, რამდენიც საჭირო იქნება იმისთვის, რომ მონაცემების ცდომილება არ აღემატებოდეს 3%-ს.
Edison Research 1994 წლიდან ატარებს საზოგადოებრივი აზრის კვლევებს. მას ჩატარებული აქვს 13 000 კვლევა მსოფლიოს 50 ქვეყანაში.
საქართველოში ეგზითპოლი Edison Research-მა 2010 (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები) და 2012 (საპარლამენტო არჩევნები) წლებში ჩაატარა.
წყარო: ნეტგაზეთი