წინასაარჩევნოდ დადგა ვითარება, როცა „ქართული ოცნების“ მიერ გადაღებული დადგა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ქვეყანა სპეცსამსახურების მიერ იმართება და ეს ყველამ იცის.
„ჩვენ მგონი, არავის ეჭვი არ გვეპარება და ამ ქვეყანაში რაც დავიბადეთ, იმის მერე გვისმენენ სპეცსამსახურები, საბჭოთა კავშირის მემკვიდრე ვართ და როგორც საბჭოთა კავშირი იმართებოდა კგბ-ის მიერ, ჩვენც ვიმართებით სპეცსამსახურების მიერ. მმართველობის ამ სტილზე ვერ ვთქვით უარი. ახლა წინასაარჩევნოდ დადგა ვითარება, როცა „ქართული ოცნების“ მიერ გადაღებული დადგა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, რადგან „ქართულ ოცნებასა“ და ეკლესიას შორის, იცით, როგორი თბილი ურთიერთობები იყო ბოლო პერიოდში. ახლა აღმოჩნდა, რომ მთელ ეკლესიას უსმენდა სუს-ის ხალხი და ისეთი რაღაცებია მოსმენილი და ნათქვამი, ეს ხალხი თვითონ მიხვდება, რომ უსმენდნენ. მე ვურჩევდი ნებისმიერ ადამიანს, ვინც პროცესში იღებს მონაწილეობას, რომ სასწრაფოდ გავიდეს აქედან, რადგან ეს იქნება ისეთი ტიპის დანაშაული, რომ მოვა დრო, როცა ამ ხალხის დაჭერას მოითხოვენ, ვინც ეს მათ გაუკეთა, რთული იქნება, როცა დეპუტატები ასეთი სახის მმართველობიდან გათავისუფლდებიან, ისინი დაარწმუნო იმაში, რომ მათი დაკავება არ მოითხოვოს, ვინც თავის დროზე ეს გაუკეთა. ახლა ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ არა ერთმანეთის ცოდვა-მადლი ვარჩიოთ, არამედ იმაზე, რომ საქართველოში პოლიტიკოსები აქტიურობდნენ პარლამენტში და არა სხვის საძინებლებში,“ – განაცხადა ხვიჩიამ.