მართლა გულდასაწყვეტია, რომ არცერთი პროექტი, არცერთი საღი და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი გეგმა არ გააჩნიათ ოპოზიციურ პარტიებს, – ამის შესახებ ნინო ლაცაბიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატმა 2020 წლის საარჩევნო კამპანია გაიხსენა, როდესაც რუსთავის მაჟორიტარობისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დავით კირკიტაძე იბრძოდა. ლაცაბიძემ აღნიშნა, რომ მისი კონკურენტი რუსთაველებს ავტოფარეხების დაკანონებას ჰპირდებოდა, თუმცა პარლამენტში შესვლის შემდეგ მათ პრობლემებზე არ უმუშავია.
„არ მახსოვს არცერთი ინიციატივა, რუსთავთან დაკავშირებით რომ გაეჟღერებინა. მეტსაც გეტყვით, როდესაც რუსთავისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კანონი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ გაგვქონდა, ყველაფერს ვაკეთებდით, რომ თითოეული კოლეგა გვერდში დაგვდგომოდა და ვთვლიდით, რომ რუსთავისთვის ამ კანონი მიღება იქნებოდა უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი. გულდასაწყვეტია, რომ დარბაზშიც არ იყო ბატონი დავითი, როცა ეს კანონი გაგვქონდა, ვითომ დღეს რომ ძალიან შესტკივა გული“, – აცხადებს ლაცაბიძე.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დავით კირკიტაძე რუსთავის მერობის კანდიდატად წარადგინა.