მამუკა ხაზარაძემ სტეფანწმინდაში მერობის კანდიდატად ვაჟა სეთურიძე წარადგინა

368

“ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ სტეფანწმინდაში მერობის კანდიდატად ვაჟა სეთურიძე წარადგინა. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ეს არის არჩევნები, სადაც ქვეყანა სწორი განვითარების გზას უნდა დაადგეს.

“ჩვენ გვჭირდება სერიოზული მობილიზება, ეს არის არჩევნები, სადაც ქვეყანა უნდა დაადგეს სწორი განვითარების გზას. ქვეყანამ უნდა მიიღოს რიგგარეშე, სრულად პროპორციული არჩევნები, რადგან შევძლოთ ევროპული მმართველობა, მმართველობა, რომელიც მოგვიტანს ქვეყნის ძალიან სწრაფი განვითარების შესაძლებლობას”, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, მან სტეფანწმინდაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გურამ აქიაშვილი და ზვიად ჩოფიკაშვილი წარადგინა.

“ჩვენ ვიმყოფებით ულამაზეს ადგილას, ადგილას, სადაც წესით უნდა დუღდეს ტურიზმი, მოწყობილი იყოს ინფრასტრუქტურა და რაც ყველაზე მთავარია, ახალგაზრდებისთვის იყოს ასპარეზი.

თქვენ იცით, რომ ალპინიზმი ერთ-ერთი წამყვანი სფერო იყო საქართველოში, მთელი მსოფლიოდან ჩამოდიოდნენ აქ, მაგრამ დღეს არაფერია იმისათვის, რომ ეს დარგი ისევ განვითარდეს და არ იყოს მიტოვებული.

სტეფანწმინდაში არ არსებობს სამაშველო სამსახურები, ვერტმფრენიც კი არ არის. არ არსებობს საშუალება, რომ ადამიანებს, ჩვენს ტურისტებს, ადგილობრივებს შევუქმნათ უსაფრთხო გარემო” , – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.