ვინ არიან კახეთში მერობის და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები

444

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. ამომრჩევლებს მუნიციპალიტეტების მერების გარდა, საკრებულოებში მაჟორიტარი დეპუტატების არჩევა მოუწევთ. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

პოლიტიკური პარტიების ნაწილმა წინასაარჩევნო აგიტაცია უკვე დაიწყო. პარტიებმა  უკვე დაასახელეს კახეთის რეგიონში მერობის და საკრებულოების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც.

ამ დროისთვის კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ნაწილში კანდიდატები წარადგინა პოლიტიკურმა პარტიამ ,,ლელო საქართველოსთვის”, პარტიამ ,,თავისუფალი საქართველო”, ,,პატრიოტთა ალიანსმა”, გიორგი გახარიას პარტიამ ,,საქართველოსთვის”, „ევროპულმა საქართველომ”,  პარტიამ ,,ქართული ოცნება” და  ,,ნაციონალურმა მოძრაობამ”. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორმა პარტიამ, მერობის კანდიდატები სხვებისგან განსხვავებით რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში წარადგინა.

როგორც Knews.ge-ს კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტის საარჩევნო ოლქებში განუცხადეს, პარტიების მიერ წარდგენილი მერობის 21 კანდიდატიდან მხოლოდ ერთი ქალია, რომელიც საგარეჯოს საარჩევნო ოლქში პარტიამ ,,ლელო საქართველოსთვის” წარდგინა.

რაც შეეხება წარდგენილ პარტიულ სიებს, ამ დროისთვის დარეგისტრირებული სიების უმეტესობაში, კანონმდებლობის მიხედვით გენდერული ბალანსი დაცულია, თუმცა მუნიციპალიტეტების ნაწილში, ,,ლეიბორისტულ პარტიას” და ,,ევროპულ საქართველოს” პარტიულ სიებში მეტი ქალი კანდიდატი ჰყავთ წარმოდგენილი.

რაც შეეხებათ მერობის კანდიდატებს, მათი უმეტესობა ყოფილი პოლიტიკოსი, ყოფილი საჯარო მოხელე, ყოფილი პოლიციელი, ბიზნესმენი,  ტურიზმის სფეროში ჩართული პირი ან სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია.

მაგალითისთვის განვიხილოთ, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები. პარტიის გადაწყვეტილებით  თელავის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატი იქნება ლევან ანდრიაშვილი. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი და ამჟამად ლიეტუვაში საქართველოს ელჩის, თეა მაისურაძის მეუღლეა. ახმეტის მუნიციპალიტეტში კი მერობის კანდიდატი ალექსი ფიცხელაური იქნება. მას ახმეტაში აქვს საგვარეულო მარანი, დაკავებულია ბიზნესით და სოფლის მეურნეობით.

ყვარლის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატად მმართველმა გუნდმა გივი ზაუტაშვილი წარადგინა. ის აქამდე ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში კი, მერობის კანდიდატები მოქმედი მერები იქნებიან. ლაგოდეხში ჯონდო მდივნიშვილი, ხოლო დედოფლისწყაროში ნიკოლოზ ჯანიაშვილი იყრის კენს. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, გურჯაანიის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატი ზურაბ უტიაშვილი იქნება. ის პროფესიით ექიმი, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს დირექტორია.

საგარეჯოში კენჭს ავთანდილ გულიკაშვილი იყრის, რომელსაც საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს. სიღნაღის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატი მალხაზ ბეგიაშვილია, რომელიც მოქმედი მერის მოადგილეა.

რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, მერობის კანდიდატების მსგავსაც პარტიებს გენდერული ბალანსი აქაც არ აქვთ დაცული.

,,მერობის კანდიდატები ძირითადად მამაკაცები არიან, ახლაც ახმეტის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები ,,ქართული ოცნებიდან” და ,,ნაციონალური მოძრაობიდან” ორივე მამაკაცია. რაც შეეხება პარტიების მიერ წარდგენილ სიებს, აქ კანონის მიხედვით გენდერული ბალანსი დაცულია. მოგეხსენებათ კანონი ითვალისწინებს, რომ სამეულში ერთი პირი უნდა იყოს განსხვავებული სქესის და ეს ყველა პარტიას აქვს დაცული. რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, ამ მიმართულებით, ახმეტის ოლქში 10 პარტიას ყავს წარდგენილი 9 სამაჟორიტარო ოლქში კანდიდატები და აქ უმეტესად მამაკაცები არიან წარმოდგენილი’’,- განუცხადეს knews.ge-ს ახმეტის #18 საოლქო საარჩევნო კომისიაში.

თითქმის იდენტური სიტუაციაა კახეთის რეგიონის დანარჩენ 7 საარჩევნო ოლქში. თელავის #17-ე საარჩევნო ოლქში მერობისთვის 3 კანდიდატი იბრძოლებს: ,,ნაციონალური მოძრაობიდან’’ კენჭს, პარლამენტის წევრი, პარტიის კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ბოტკოველი იყრის. მმართველი პარტიიდან კი მერობის კანდიდატი იქნება ლევან ანდრიაშვილი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. მესამე კანდიდატი კი, გახარიას პარტიიდან ყოფილი საჯარო მოხელე და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე– გიგა ორკოდაშვილია.

თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის თქმით, რაც შეეხება პარტიების მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს, როგორც ქალაქ თელავში ისე თელავის სოფლებში, ძირითადად მამაკაცები არიან.

,,თელავის ოლქში პარტიების მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის 53 კანდიდატიდან, 45 მამაკაცია, ხოლო 8 ქალი. უფრო დეტალურად რომ ვთქვათ,  ,,ევროპულ საქართველოს”, ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას’’, ,,ლეიბორისტულ პარტიას’’, გიორგი გახარიას პარტიას და ,,ქართულ ოცნებას’’ ჰყავს წარდგენილი კანდიდატები. გენდერულ ბალანსს რაც შეეხება, სულ თითზე ჩამოსათვლელი არიან ქალბატონები.

ქალაქ თელავში ქალი კანდიდატი ჰყავს ,,ევროპულ საქართველოს’’, ერთი ,,ქართულ ოცნებას’’ და ერთი ,,ნაციონალურ მოძრაობას’’.

რაც შეეხება სოფლებს, ,,ევროპულ საქართველოს’’ წინანდალში, სოფელ აკურაში, შალაური -კისისხევის, რუისპირი-იყალთოს და ფშაველი-ლალისყურის ტერიტორიულ ერთეულში ჰყავს წარდგენილი ქალი კანდიდატები. მმართველ პარტიას ჰყავს ქალი კანდიდატი მხოლოდ სოფელ კურდღელაურში’’,– განუცხადა knews.ge-ს რევაზ გაიპარაშვილმა.

როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საუბრობენ, მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების უმეტესობა თავისუფლად აწარმოებს წინასაარჩევნო კამპანიას, თუმცა არის რიგი შემთხვევები, როცა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თავისი მაჟორიტარი დეპუტატობის თუ მერობის კანდიდატის წინააღმდეგ ზეწოლასა და დაშინებაზე საუბრობენ.

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებული პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სალომე ღონღაძე ამბობს, რომ ზეწოლისა და დაშინების გამო  პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა სოფელ მაწიმში– კაკი ლობჟანიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მისი თქმით, 7 სექტემბერს პარტიის ლიდერს გიორგი გახარიას თელავში მაჟორიტარობის კანდიდატები ოფიციალურად უნდა წარედგინა და ლაგოდეხიდან თელავში ღონისძიებაზე დასასწრებად მიდიოდნენ, მათ შორის  ლობჟანიძეც.

„როგორც მე გავარკვიე, კაკი ბენზინგასამართ სადგურზე იყო, საიდანაც კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებულმა პირებმა  ძალის გამოყენებით წაიყვანეს ადგილობრივ საოლქო საარჩევნო კომისიაში  და იძულებით დააწერინეს განცხადება. მაჟორიტარობაზე  უარი ათქმევინეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება ადგილობრივ ხელისუფლებას და ძალოვან უწყებებს“, – განაცხადა სალომე ღონღაძემ.

მისი თქმით, ძალოვნების მიერ ზეწოლა მიმდინარეობდა კაკი ლობჟანიძის ოჯახის წევრებზეც. თავად კაკი ლობჟანიძე მედიასთან არ ურთიერთობს. კომენტარს არ აკეთებენ მისი ოჯახის წევრებიც.  ისინი მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ კაკიმ განცხადება დაწერა და  დეპუტატობის კანდიდატი აღარ არის.

ლაგოდეხის 15-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი დარბაიძე ამბობს, რომ კაკი ლობჟანიძე განცხადების დასაწერად მარტო იყო მისული ოლქში.

„ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება გავარკვიოთ აიძულა თუ არა ვინმემ ის, რომ განცხადება დაეწერა. მან დაწერა განცხადება. მიზეზებზე იქ არ არის ლაპარაკი“ – განაცხადა გიორგი დარბაიძემ.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობამ გიორგი გახარიას გუნდში გადასვლის გამო სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე სალომე ღონღაძე თანამდებობიდან გადააყენა.

წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებულ ზეწოლებზე საუბრობს გიორგი გახარიას პარტიის თელავის მერობის კანდიდატი– გიგა ორკოდაშვილიც. მან პარტია ,,ქართული ოცნება’’ და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ერთი თვის წინ დატოვა.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა მასზე და მის მხარდამჭერებზე ხელისუფლებამ ძალოვანი უწყებების გამოყენებით ზეწოლა დაიწყო.

,,ზეწოლა დაიწყეს ჩემზე და ჩემს გარემოცვაზე, ახლობლებზე თუ პარტიის მხარდამჭერებზე. ზეწოლას ახორციელებენ სხვადასხვა მეთოდებით, ზოგ შემთხვევაში აჩერებენ მხარდამჭერებს, უჩხრეკენ უმიზეზოდ ავტომობილებს, ზოგ შემთხვევებში ფეისბუქ ლაიქის გამო უშვებენ სამსახურებიდან. ახლა ჩემს ნაცნობებზე და ახლობლებზე დაიწყეს ზეწოლა, იმ პირებზე, ვისაც თავისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი გაფორმებული აქვთ სპორადული რეგისტრაციის გზით, იბარებენ საგამოძიებო ორგანოებში, ახორციელებენ ზეწოლას არარსებული საქმეების შეკერვის მიზნით. მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა სხვადასხვა რეგიონებშიც. ჩვენ ამით ვერ შეგვაშინებენ’’,- განაცხადა გიგა ორკოდაშვილმა გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოში წინასაარჩევნო ტემპერატურა დღითიდღე იმატებს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კი 2 ოქტომბერს ჩატარდება.