ღარიბაშვილი: მომდევნო წლებში ინფრასტრუქტურაზე 32 მლრდ ლარი დაიხარჯება, 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას კი სოფლის მეურნეობაში ვგეგმავთ

462

8 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა და სტაბილურობა, ეს არის უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი და სწორედ ამ მშვიდობამ და სტაბილურობამ მოიტანა განვითარება ყველა რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ყაზბეგის მერობის კანდიდატის, ბაკურ ავსაჯანიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ყველა მიმართულებით არის პროგრესი, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, განათლება, ჯანდაცვა, თუ სოფლის მეურნეობის მიმართულებით სერიოზული, ხელშესახები პროგრამების ამოქმედება, როგორიც არის „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“.

„უამრავი სხვა პროგრამა და პროექტი განხორციელდა ბოლო 8 წლის განმავლობაში. თუნდაც, გზების მშენებლობაში ჩვენ მილიარდობით ლარი დავხარჯეთ. ჯამში 10 ათასი კილომეტრი გზის რეაბილიტაცია მოხდა ბოლო 8 წლის განმავლობაში. ხიდების მშენებლობა, სკოლების რეაბილიტაცია, 170 ახალი სკოლა აშენდა და 250 სკოლის სრული განახლება-რეაბილიტაცია მოვახერხეთ ამ მოკლე პერიოდში. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. გვჭირდება უფრო მეტი საქმის გაკეთება. ჩვენ ახლახან ვიმყოფებოდით ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობის დასათვალიერებლად, დაიწყო მართლაც საუკუნის პროექტი. ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც იქნება გამორჩეული მთელს რეგიონში. თუნდაც ეს გვირაბი, იქნება 9 კმ-იანი, 15 მეტრი დიამეტრის გვირაბი, რომელიც უნიკალურია მთელს რეგიონში. ეს პროექტი არა მხოლოდ ყაზბეგელებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მთელი ქვეყნისა და რეგიონისთვის. ვიცი, რომ ზამთარში 100 დღის განმავლობაში იკეტება გზა და დღეში 3-4 ათასი ავტომანქანის გადაადგილება ხორციელდება, რაც დაკავშირებულია საცობებთან და ა.შ.. თუნდაც ეს ერთ კონკრეტული პროექტი რომ განვიხილოთ და ჩვენი მთავრობის პოლიტიკა რომ კიდევ ერთხელ შევაფასოთ, ის, რა თქმა უნდა, განტვირთავს გზებზე არსებულ მძიმე მოძრაობას, აღარასოდეს ჩაიკეტება ეს გზა და რაც მთავარია, მას შემდეგ, რაც დასრულდება ნატახტარის მონაკვეთი, დაახლოებით 1,5 საათში ჩამოვალთ თბილისიდან ყაზბეგში. ასევე განიტვირთება გუდაური, რომელიც უნდა გარდავქმნათ და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის, ევროპული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საკურორტო ადგილად. გუდაური მართლაც უნიკალურია. გუდაურში ჩავალთ 1 საათში. ასევე შენდება 5 გვირაბი, ეს არის 23-კილომეტრიანი ახალი გზა, გუდაურის შემოვლითი გზა. ჯამში იქნება მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, განტვირთული, უსაფრთხო გზები და რაც მთავარია, ჩვენი მოქალაქეებისთვის კომფორტული გადაადგილება. გუდაურში მიმდინარეობს ძალიან მასშტაბური სამუშაოები. დავასრულეთ კობი-გუდაურის ახლი საბაგირო გზა, რომელიც დაახლოებით 80 მილიონი ლარი დაჯდა“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლებას ძალიან ბევრი გეგმა და ამოცანა აქვს ყველა მიმართულებით; ინფრასტრუქტურაზე 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება მომდევნო წლების განმავლობაში.

„სრულად მოწესრიგდება ყველა გზა, ყველა ხიდი, ყველა გვირაბი. გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები განათლების მიმართულებით. უკვე აღვნიშნე სკოლების მშენებლობა, ასევე მინდა აღვნიშნო პროფესიული სასწავლებლების მშენებლობის მნიშვნელობა. 800 სკოლას ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია თანამედროვე, ევროპული სტანდარტის მიხედვით. სოფლის მეურნეობაში კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას განვახორციელებთ. დაახლოებით ჯამში 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ მომდევნო წლების განმავლობაში, რაც ნიშნავს მეტ სამუშაო ადგილებს, ძლიერ სოფელს, ძლიერ რეგიონებს. ფასი არ ექნება ქალაქების განვითარებას, თუ რეგიონები თანაბრად არ განვითარდა, ყველა ის სიკეთე, დოვლათი და კეთილდღეობა, რომელიც იქმნება ქვეყანაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით თანაბრად არ გადანაწილდა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.