ალეკო ელისაშვილმა რუსთავის საკრებულოს წევრობის კანდიდატები წარადგინა

341

რუსთავში პარტია “მოქალაქეების” ოფისი გაიხსნა.

ოფისის გახსნაზე იმყოფებოდა პარტიის ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელმაც რუსთავის საკრებულოს წევრობის კანდიდატები წარადგინა.

პარტიის პროპორციული სიის 1-ელი ნომერი, დავით კაპანაძე იქნება, რომელიც ამჟამად საკრებულოს მოქმედი დეპუტატია.

“საკრებულოში გახლდით 4 წელი უპარტიოდ, ფრაქციაშიც არ გახლდით და ერთ კაცს რაც კი შემეძლო, საკითხებს ვაპროტესტებდი კიდევაც, მაგრამ ვერ მოვერიე სიტუაციას იმიტომ, რომ ოცნებას იქ 18 კაცი ჰყავდა და უმრავლესობა. ჩემი საუბარი გინდ ყოფილა, გინდ არა.

დათო კაპანაძე იმიტომ უნდა აირჩიონ, რომ კონკრეტული გეგმები ახალგაზრდებთან დაკავშირებით, რომლებიც მე მაქვს, პროექტები, რომლებიც მერიაშიც შეტანილია და ხელი არ გაანძრიეს, მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოში ვიყავი, ვერ გავიტანე, მხარდაჭერა არ იყო, განხორციელდეს.

ამჯერად, ჩვენ უნდა მოვიდეთ ფრაქციით, ფრაქციას თავისი ძალა აქვს.

მადლობა ირმა ინაშვილს, რომ მომაცილა იმ ჯოჯოხეთს, გამრიცხა პარტიიდან, თორემ ალეკო ელისაშვილთან ვერ მოვხვდებოდი, ისევ იქ ვიქნებოდი”, – განაცხადა დავით კაპანაძემ.

პარტიული სიის მე-2 ნომერი გელა ნაკაშიძე იქნება. ნაკაშიძე მონაწილეობდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც, ის რუსთავის მაჟორიტარი-დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო.

“ეს სიახლეა ქალაქში, რომელსაც შეუძლია თავისუფალი სიტყვა შემოიტანოს. მე, როგორც თავისუფალი ადამიანი, გელა ნაკაშიძე, ვიყავი, ვარ და ვიქნები ყოველთვის თავისუფალი, ამიტომაც ვდგავარ თავისუფალი ადამიანების გვერდით. ჩემი აზრები და ბატონი ალეკო ელისაშვილის აზრები დაემთხვა ერთმანეთს, თავისუფლებას და ახალს სთავაზობენ, სწორედ ამიტომ მოვხვდი ამ გუნდში. მიხარია, რომ რუსთავს აქვს შანსი, მისცეს 7 ნომერს ხმა და საკრებულოში შეიყვანოს ის გუნდი, რომელიც იქნება ორიენტირებული საქმეზე. ცალკე პარტიას ხომ არ შევქმნიდით ყველა თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანი, ამიტომაც ჯობია ერთ გაერთიანებაში ვოყოთ და სწორედაც, მე ჩემს თავს ამ შემთხვევაში ვხედავ ალეკოს გვერდით, თავისუფალი ადამიანის, საქმის მკეთებელი ადამიანის გვერდით”, – განაცხადა ნაკაშიძემ.

როგორც “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა “ინფო რუსთავს” უთხრა, პარტია რუსთავის არცერთ მერობის კანდიდატს არ უცხადებს მხარდაჭერას.