ჩვენ ამომრჩეველს ძალიან გასაგებად ვეუბნებით: – ხალხო, არჩევნებზე მოსვლის ვერც ერთი მიზეზი რომ ვერ დაინახოთ, იცოდეთ, თუ მოხვალთ, “ტესლას” ან “პორშეს” მაინც მოიგებთ, – ამის შესახებ პოლიტიკურ ჯგუფ “გირჩის” წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ოპოზიცია იგივე ტაქტიკით თამაშობს, რა ტაქტიკაც წინა არჩევნებზე ჰქონდა – კვლავ არ აქვს კონკრეტული გეგმა, რა იქნება ბიძინა ივანიშვილის შემდეგ და რატომ უნდა აირჩიოს ამომრჩეველმა.
ხვიჩიას განცხადებით, ასეთი ტაქტიკით მოთამაშე ოპოზიციის პირობებში, რთულია ამომრჩეველს აუხსნა რატომ უნდა მივიდეს არჩევნებზე და რა შეიცვლება მისთვის.
“ყველა ოპოზიციური პარტია იმას ამბობს, რა შეიცვლება მათთვის, მაგრამ პრობლემაა იმის თქმა, ადამიანებისთვის რა შეიცვლება! ჩვენ მართლა ვცდილობთ ჩვენი სათქმელი შევაკოწიწოთ და ადამიანებისთვის გასაგები იყოს ჩვენი ნათქვამი არჩევნებზე მოსასვლელად. “ტესლასაც” ამიტომ ვათამაშებთ – ადამიანებს ვეუბნებით, ხალხო, ამ არჩევნებზე არაფერი რომ არ მოხდეს, “ტესლას” ან “პორშეს” მოგების შანსი მაინც გექნებათ. ასევე ვეუბნებით: – გინდათ, ასეთი პრორუსული კურსით მოიგოს ხელისუფლებამ?! ხელისუფლებამ არჩევნები ანტიდასავლური გზავნილებით არ უნდა მოიგოს”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.