“ბორჯომში კომისიის ნეიტრალურ წევრებს ვაიბერის ჯგუფში გაწევრიანებას სთხოვენ” – ენმ-ის კანდიდატი “ოცნების” აქტივისტებზე

256

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბაკურ გელაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, საარჩევნო უბნების ნეიტრალური წევრებიდან ინფორმაციის მიღების და ზემოქმედების მოხდენის მიზნით,  „ვაიბერის ჩათს“ ქმნიან. ამის შესახებ კი ისინი წინასწარ „ქართული ოცნების“ ბორჯომის ოფისიდან გააფრთხილეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

„******მეგობრებო, ეს ნომერი მოინიშნეთ, (ჩაიწერეთ) ვინაიდან, შეიქმნება ვაიბერ ჩათი (ვაიბერი უნდა გქონდეთ აუცილებლად) და თქვენ დაგამატებენ. შემდეგ მოგივათ გარკვეული ინფორმაციები. პატივისცემით, სალომე. „ქართული ოცნების“ ბორჯომის ოფისი“, – წერია მოკლეტექსტურ შეტყობინებაში, რომელიც ბაკურ გელაშვილის მტკიცებით, N20 ყვიბისის საარჩევნო უბნის ნეიტრალურ წევრებს გაეგზავნათ.

გელაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ბორჯომში სხვადასხვა გზით ცდილობს გავლენა მოახდინოს საარჩევნო უბნების ნეიტრალურ წევრებზე. იგი ვარაუდობს, რომ მსგავსი შეტყობინება ბორჯომის ყველა საარჩევნო უბნის  ნეიტრალურმა წევრმა მიიღო.

„ქართული ოცნება მანკიერ ჩვეულებებს თავს არ ანებებს. საარჩევნო ადმინისტრაციას ის განიხილავს, როგორც პარტიულ აქტივს და მის მიერ დანიშნულებს, ეს ოლქის არჩეული იქნება, თუ სუბიექტების მიერ დანიშნული. „ქართული ოცნების“ ბორჯომის ოფისის თანამშრომლები გეგმავენ შექმნან  ვაიბერის ჯგუფი, რომელიც უბნებზე ნეიტრალურ წევრებს მიაწვდის გარკვეულ ინფორმაციებს, ან მითითებებს. რა მიზნებს ემსახურება ეს ჩემთვის გაურკვეველია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მითითებები მათ პოლიტიკურ ინტერესებში შევა“, – ამბობს იგი „სამხრეთის კარიბჭესთან“.

ნეიტრალურ წევრებთან, სმს შეტყობინენების გაგზავნას, კატეგორიულად უარყოფენ „ქართული ოცნების“ ბორჯომის შტაბში.

„ნეიტრალურ წევრებთან ნამდვილად არ გვაქვს ჩვენ კონტაქტი, თვითონ საოლქო განაგებს სიტუაციას. შეიძლება ჩვენი რომელიმე თანამშრომელი ჩვენს პარტიულ წევრებს დაუკავშირდა, ნეიტრალურთან კი გამორიცხულია რაიმე კონტაქტი ჰქონდეს“,– ამბობს გიორგი ფერაძე.

მსგავს ფაქტს უარყოფს N20 ყვიბისის საარჩევნო უბნის თავმჯდომარე, მაკა გელაშვილიც.

„არ ვიცი არაფერი, არ მიმიღია არაფერი სმს შეტყობინება. „ქართული ოცნება“ მე რატომ გამომიგზავნის?!  ნეიტრალური წევრი ვარ ოლქიდან. მე მაქვს მხოლოდ ჩემი უბნის ჩათი, სადაც უბნის მორიგეობებს მოვუნიშნავ ადამინებს და მაგას ვწერთ მეტს არაფერს“, – ამბობს იგი.

ბაკურ გელაშვილი უნდობლობას უცხადებს ნეიტრალური კვოტით არჩეულ კომისიის წევრებს და ამბობს, რომ აღნიშნული პირები რეალურად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან.

„მე მოვუწოდებ საარჩევნო ადმინისტრაციას დაინტერესდნენ ამ „სმს ჯგუფებით“ და პარტიული მითითებებით, მათ გამოიკვლიონ ეს საკითხი, ასევე მოვუწოდებ არასამთავრო ორგანიზაციებს აღნიშნული საკითხი შეისწავლონ.

ყვიბისის საარჩევნო უბანზე, საუბნო საარჩევნო კომისიამ აბსოლუტურად მიკერძოებით, პოლიტიკური დაკვეთის შესაბამისად შეარჩია კომისიის წევრები. ერთი გასული წლის არჩევნებზე „ოცნების“ კოორდინატორი იყო, ასევე არიან მერიის და ა(ა)იპ–ების თანამშრომლები, კანდიდატის ძმისშვილი, მოქმედი დეპუტატის უახლოესი ნათესავი, ეს ყველა საოლქო საარჩევნო კომისიამ ნეიტრალური კვოიტით აირჩია. ეს არის  სასაცილო და  ნონსესი. მიმაჩნია, რომ ესენი ჩვულებრივად ასრულებენ იმ დაკვეთებს, რაც მიდის სახელისუფლებო პარტიიდან და გუნდიდან“, – აცხადებს ბაკური.

ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ლევან დევიძე მაჟორიტარის ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ წევრების არჩევა უბანზე ყველა წესის დაცვით მოხდა.

„კანონის დადგენილი წესით მოხდა ყველა კომისიის წევრის არჩევა, ამაში მონაწილეობდა ოლქის ყველა წევრი და შესაბამისად საპირწონედ მე არ მგონია გამოდგეს ერთი კონკრეტული ადამიანის შეფასება და მისი სუბიექტური აზრ ი“,– განმარტავს ლევან დევიძე.