“საერთაშორისო გამჭვირვალობამ” ქუთაისის საკრებულოს 2020 წლის საქმიანობის შეაფასა

415

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” შეაფასა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს (შემდეგში – ქუთაისის საკრებულო) 2020 წლის საქმიანობა.

ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ ინფორმაციასა და ჩვენი ორგანიზაციის დაკვირვებებს. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2020 წელს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ქუთაისის საკრებულოს საქმიანობა შარშანაც შეაფასა. შარშან საანგარიშო პერიოდი მოიცავდა 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ჩათვლით დროის მონაკვეთს.

ძირითადი მიგნებები

  • ქუთაისის საკრებულოს მუნიციპალიტეტის ორგანოების შემოწმების მიზნით დამოუკიდებელი აუდიტი არ მოუწვევია;
  • ქუთაისის საკრებულოსთვის საანგარიშო პერიოდში ქუთაისის მერს ანგარიში არ წარუდგენია;
  • ქუთაისის საკრებულომ გამართა 19 სხდომა, აქედან 9 რიგგარეშე იყო;
  • ქუთაისის საკრებულომ 35 დადგენილება მიიღო, რომელთაგან 34 დადგენილების ავტორი/ინიციატორი ქუთაისის მერია იყო, 1-ის – საკრებულოს თავმჯდომარე და იურიდიულ საკითხთა კომისია;
  • ქუთაისის საკრებულოში მოქმედი ხუთი ფრაქციიდან ინიციატივით საკრებულოს სამმა ფრაქციამ მიმართა. ფრაქციებს საანგარიშო პერიოდში 10 ინიციატივა ჰქონდათ;
  • ქუთაისის საკრებულოში მოქმედმა გენდერული თანასწორობის საბჭომ განიხილა 2020 წლის ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი და შეიმუშავა რეკომენდაციები, ასევე შეიმუშავა საკანონმდებლო წინადადებები. აღსანიშნავია, რომ წინა მოწვევის საკრებულოში საერთოდ არ იყო შექმნილი გენდერული თანასწორობის საბჭო, ამიტომ საბჭოს ჩამოყალიბება პოზიტიურ სიახლეს წარმოადგენს;
  • ქუთაისის საკრებულოს 16 თანამდებობის პირიდან ქონებრივი დეკლარაცია 4 თანამდებობის პირმა ხარვეზებით შეავსო;
  • საკრებულოს წევრებმა ჯამურად საკრებულოს სხდომები 168-ჯერ გააცდინეს. საკრებულოს წევრთა შორის ყველაზე მეტი სხდომა ვლადიმერ კლდიაშვილმა (18 სხდომა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) და დავით გოგისვანიძემ (18 სხდომა, “ევროპული საქართველო”) გააცდინეს. გაცდენების რაოდენობით ლიდერებს შორის არიან ასევე გრიგოლ შუშანია და ბესიკ ბრეგაძე (17 სხდომა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”).
  • ქუთაისის საკრებულოში სახელფასო ანაზღაურების სახით გაიცა 857,713 ლარი. სახელფასო დანამატის, პრემიისა და დახმარების სახით საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა და შტატგარეშე მოსამსახურეებმა ჯამში 55,550 ლარი მიიღეს;
  • ქუთაისის საკრებულომ 98,129 ლარის საწვავი გახარჯა.
  • ქუთაისის საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მივლინებებზე ჯამში 4,418 ლარი გახარჯეს.

რეკომენდაციები

კონტროლის განხორციელება:

  • საკრებულოს წევრები უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ საზედამხედველო საქმიანობაში, კერძოდ უფრო ინტენსიურად უნდა გააკონტროლონ სახელმწიფო შესყიდვების პროცესი, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა;
  • საკრებულომ აქტიურად და კეთილსინდისიერად უნდა იმუშაოს მუნიციპალიტეტში ინტერესთა კონფლიქტის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, საკრებულოს რეგლამენტის და ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტების გამოვლენაზე;

ანგარიშვალდებულება:

  • საკრებულოს, ისევე როგორც კომისიების სხდომებზე საკრებულოს წევრთა დასწრების მდგომარეობა მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს. საკრებულოს ყველა წევრი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს და ესწრებოდეს სხდომებს. ამასთან, საკრებულოს თითოეული წევრის მხრიდან სხდომის გაცდენის საპატიო თუ არასაპატიო მიზეზები უნდა იყოს დადგენილი, გამოკვლეული და სათანადო ღონისძიებებიც გამოყენებული;
  • თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციების შევსება გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს, ამასთან, დეკლარაციების არასრულად შევსება კორუფციის საფრთხესაც შეიცავს. ამიტომაც აუცილებელია, რომ თანამდებობის პირებმა დეკლარაცია სრულად შეავსონ;

ფრაქციების საქმიანობა:

  • მნიშვნელოვანია, რომ ფრაქციის საქმიანობა სარგებლის მომტანი იყოს შესაბამისი თვითმმართველობისათვის, ფრაქცია აქტიურად უნდა ჩაერთოს საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების განხილვისა თუ გადაწყვეტის პროცესში, შეისწავლოს/გააკონტროლოს მერიისა თუ მუნიციპალური იურიდიული პირების საქმიანობა; წარსდგეს საკრებულოში ინიციატივებით, აქტიურად ჩაერთოს ბიუჯეტირების პროცესში და ა.შ. ფრაქციები მნიშვნელოვნად ზრდის თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობას, მხარს უჭერს ადგილობრივ ინიციატივებს, აგრეთვე მოქალაქეთა საჭიროებებისა და პრობლემების ადვოკატირებას. შესაბამისად, მოვუწოდებთ ფრაქციებს, აღნიშნული ინსტრუმენტები აქტიურად გამოიყენონ;

საკრებულოს ხარჯები:

  • მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს მიერ გაწეული ხარჯები სრულ თანხვედრაში იყოს კანონმდებლობით მისთვის განკუთვნილი უფლებამოსილებების განხორციელებასთან;
  • საკრებულომ მკაცრად უნდა აკონტროლოს როგორც უშუალოდ წარმომადგენლობითი ორგანოს, ასევე ზოგადად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯები და ორიენტირებული იყოს ფინანსების ეფექტურ ხარჯვაზე;

პეტიცია:

  • კანონმდებლობა თვითმმართველობებს აძლევს შესაძლებლობას პეტიციის საჭირო ხელმომწერთა რაოდენობა შეამცირონ მათთვის სასურველ ნებისმიერ ოდენობამდე. თვითმმართველობის კოდექსი აწესებს მხოლოდ ზედა ზღვარს – 1%, რაც ცალკეულ მუნიციპალიტეტებში მოქალაქეების დიდი ოდენობის გათვალისწინებით, შესაძლოა, რთულად შესასრულებელი მოთხოვნა იყოს; იმის გათვალისწინებით, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საკრებულოში არცერთი პეტიცია არ დარეგისტრირებულა, მიგვაჩნია, რომ ქუთაისის საკრებულომაც უნდა შეამციროს პეტიციაზე ხელმომწერთა რაოდენობის ქვედა ზღვარი და 1% ნაცვლად დააწესოს 0.3 ან 0.5%, რაც გაუადვილებს დაინტერესებულ პირებს პეტიციის მომზადების პროცედურას;

დასახლების საერთო კრება:

  • ქუთაისში დასახლების საერთო კრება ჯერ არ ჩატარებულა. მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს ინიციატივით ამოქმედდეს ჩართულობის ეს მექანიზმი, მიმართოს მერს მისი ჩატარების შუამდგომლობით. მუნიციპალიტეტისათვის აუცილებელია დასახლების საერთო კრების ჩატარება, ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის უკეთ დასაგეგმად.