ბარამიძე: „ოცნებამ“ განიზრახა, რომ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ მოხსნას არჩევნებიდან

730

მოხდა უპრეცედენტო რამ – „ქართულმა ოცნებამ“ განიზრახა, რომ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ მოხსნას არჩევნებიდან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ძალოვანი უწყებების ჩართულობით, მათ კანდიდატებს, რომლებიც არიან საარჩევნო სიის ნაწილი, ძალით დაატოვებინა საარჩევნო სია.

„ხელისუფლების მიზანია, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ორ რაიონში საერთოდ არ იყოს წარმოდგენილი პარტიულ სიაში ანუ, ჩვენი მხარდამჭერი რომც მოსულიყო, მას უბრალოდ არ ექნებოდა ამის საშუალება, რომ ჩვენთვის ხმა მოეცა, რადგან კანდიდატთა არასაკმარისი რაოდენობის გამო, ჩვენი სია იქნებოდა მოხსნილი.

ამას რომ ამზადებდნენ, ჩვენ საზოგადოებას ვაცნობეთ და მყისიერად მოვახდინეთ რეაგირება – დავუკავშირდით „ეუთო ოდირის“ ოფისს, რომელიც სწრაფადვე გამოგვეხმაურა და დღეს ისინი ახალქალაქისა და ნინოწმინდაში ჩამოვლენ. ჩვენ დავუკავშირდით მეგობარ სახელმწიფოებს. ჩვენ ასევე ვაცნობეთ ევროპარლამენტარებს, საქართველოში მყოფ ამერიკელ კონგრესმენებსა და ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარია. მათთვის სულერთი არ არის ფორმალურად ადგილობრივი არჩევნები, რომელიც რეალურად არის რეფერენდუმი იმის თაობაზე, საქართველო გახდება რუსეთის გუბერნია თუ შეძლებს დაუბრუნდეს ევროპასა და „ნატო“-სთან ინტეგრაციის გზას. ამ ვითარებაში, როგორც ჩანს, ჩვენმა ძალისხმევამ გაჭრა და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, – განაცხადა ბარამიძემ.

მისი თქმით, მისმა პარტიამ მოიპოვა ლოკალური, თუმცა მნიშვნელოვანი გამარჯვება, რადგან ცესკოს ახალი დადგენილების საფუძველზე ახალქალაქსა და ნინოწმინდაში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სია აღარ გაუქმდება.

„აქ არის ცესკოს დადგენილება, რომელმაც განსაზღვრა, რომ მიუხედავად იმისა, შეიძლება რაღაც ზღვარს ჩამოსცდეს პარტიული სია, ის მაინც არ გაუქმდება. განსაკუთრებით მძიმე ვითარება იყო ახალქალაქში, რადგანაც ჩვენს 7-მდე წევრს სუს-ში დაბარებებით და სხვადასხვა მეთოდებით ძალით დააწერინეს განცხადებები, თუმცა რამდენიმემ ეს განცხადება უკან წაიღო. ყოველივე ამის შედეგად, ცესკოს ამ გადაწყვეტილებით, არამარტო „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ ნებისმიერ სხვა პარტიას აღარ მოეხსნება სია, თუ მათთან მიმართებაშიც რომელიმე ძალოვანი სტრუქტურა განსაკუთრებული ძალისხმევით შეეცდება პარტიების დისკრედიტაციას “, – აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.

მისივე მტკიცებით, ეს არის მნიშვნელოვანი სტიმული თითოეული იმ მოქალაქისთვის, ვისაც სჯერა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.