პარტია ‘საქართველოსთვის’ ახალციხეში ერთმა პირმა დატოვა

321

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან მათ პარტიაში მყოფ პირებზე ზეწოლა გრძელდება. ამჯერად გახარიას პარტია ახალციხეში ერთმა წევრმა დატოვა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

სამცხე–ჯავახეთის კოორდინატორის, ლევან თათოშვილის განცხადებით, პარტიის დატოვების მიზეზი მოგზავნილი პირების მიერ მუქარის შემცველი მესიჯები იყო, რაც ოჯახის წევრების ან ახლობლების სამსახურებიდან დათხოვნას და ბიზნესების შევიწროვებას ეხებოდა.

„ერთმა კანდიდატმა დატოვა ახალციხეში პარტია, მეექვსე ნომერმა. რეგიონის მასშტაბით სულ ცხრა შემთხვევა დაფიქსირდა. ხდებოდა დაშინებები და ზოგს ვის უგზავნიდნენ ზოგს ვის. ზოგმა მიიღო გადაწყვეტილება პარტიის დატოვების, ბევრი დარჩა იგივე აზრზე (პარტიაში დარჩენაზე). სანამ სიებს შევიტანდით, იქამდე ხორციელდებოდა ზეწოლა. გუშინ, 6 სექტემბერს იყო სიების შესწორების ბოლო ვადა“, – განაცხადა მან.

ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგისას აღნიშნა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ მიუღებელია ის არაკეთილსინდისიერი გზები, რასაც მათი თქმით, „ქართული ოცნება“ იყენებს, რაც ამავდროულად წინა ხელისუფლების ხელწერაა.

„ქართული ოცნება“, მთელი სახელმწიფო მანქანის გამოყენებით, აგრძელებს პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატებზე ქვეყნის მასშტაბით ზეწოლას. პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ რა მეთოდებსაც ახლა „ქართული ოცნება“ იყენებს, ამ მეთოდებმა წინა ხელისუფლების მმართველობა დასასრულამდე მიიყვანა და აუცილებლად მიიყვანს დასასრულამდე „ქართული ოცნების“ მმართველობასაც.

დღეს, თავისივე ღირებულებებს დაშორებული ოცნება, რომელიც სისტემური ძალადობის წინააღმდეგ თავად იბრძოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდებით ებრძვის ქვეყანაში ერთადერთ პოლიტიკურ პარტიას, რომლისთვისაც მთავარი საზრუნავი სახელმწიფო და ხალხია და რომელსაც შესწევს უნარი, გაარღვიოს მოჯადოებული წრე და ქვეყანა წინ წაიყვანოს.

„ქართული ოცნება“, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იყენებს პოლიციას, სუს-ს, პროკურატურას, შემოსავლების სამსახურს და მის პარალელურად ერთმანეთის მიყოლებით აუქმებს ყველა საერთაშორისო შეთანხმებას, რომელიც ამ უწყებების დამოუკიდებლობას და მათი მხრიდან ხალხის მსახურებას ისახავს მიზნად. ჯერ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ღიად თქვეს უარი და ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში ხალხს 75 მლ ევრო დააკარგვინეს. ახლა პროკურატურის დამოუკიდებლობაზე ღიად ამბობენ უარს“,–განაცხადა მან.

მისივე განცხადებით, საჭიროა, რომ პროკურატურა დაინტერესდეს საკითხით, რადგან მუქარის შემცველი ფაქტები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.