მე, პარტია „საქართველოსთვის“ ხაშურის მერობის კანდიდატს, მემუქრებიან როგორც პირადი, ისე ჩემი კომპანიების საკუთრებაში არსებული ავტომანქანების და უძრავი ქონების გადაწვით, ბიზნესსაქმიანობის შეჩერებით, – ამის შესახებ ზვიად ტეფნაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.
როგორც ხაშურის მერობის კანდიდატი აცხადებს, „ქართული ოცნება“ მისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიმართავდა.
„დღეს ჩემი ყოფილი თანაგუნდელები კადრულობენ იმას, რასაც 2012 წელს უარი ვუთხარით საქართველოს მოქალაქეებმა. დიახ, დღეს, „ქართული ოცნებაც“ უმძიმეს მეთოდებს იყენებს ჩვენს, პარტია „საქართველოსთვის“ წევრების, მხარდამჭერების მიმართ. მე პარტია „საქართველოსთვის“ ხაშურის მერობის კანდიდატს, მემუქრებიან როგორც პირადი, ისე ჩემი კომპანიების საკუთრებაში არსებული ავტომანქანების და უძრავი ქონების გადაწვით, ბიზნესსაქმიანობის შეჩერებით, ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლების მხრიდან (ქუჩიდან) ზეწოლით და პირადად ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების, ჩემი შვილების და დის ოჯახის გამწარებით, სიცოცხლის მოსპობით. ყოველდღიურად გადაადგილება, ჩემს ხაშურელებთან შეხვედრები მიწევს, 2-3 მანქანის თანხლებით, რომლებიც მუდმივად უკან დამყვებიან და მითვალთვალებენ. სისრულეში რომ მოყავთ ეს მუქარები, ყველამ ვნახეთ, როდესაც ჩვენი გუნდის წევრს, აკაკი ბართაიას დღისით, მზისით, ხაშურისკენ მომავალს, მანქანაში იარაღი ჩაუდეს და დააკავეს. ერთი იცოდეთ, ვერ გამაჩერებთ, ცხოვრებაში არ დამიხევია უკან და ყველაზე მძიმე სირთულეებიც კი, არასოდეს გამხდარა ჩემთვის დაბრკოლება. პირიქით, ამით მე უფრო მეტი ძალა და ჟინი მიჩნდება, ბოლომდე მივიყვანო დაწყებული და გავიმარჯვო, იმისთვის, რომ აღარასოდეს დავუშვა მსგავსი ფაქტები, ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის წინააღმდეგ“, -წერს ზვიად ტეფნაძე .