გიორგი გახარიამ გურჯაანის, დედოფლისწყაროს, სიღნაღის და საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

411

პარტია „საქართველოსთვის” თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ გურჯაანის, დედოფლისწყაროს, სიღნაღის და საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატები და სიის წევრები წარადგინა.

კანდიდატების წარდგენისას გახარიამ აღნიშნა, რომ მისი პარტიის წევრებზე პირდაპირი ზეწოლა ხორციელდება.

„ახლა ჩვენ აქ ვსაუბრობთ, მომავლის გეგმებს ვსახავთ, პარალელურად კი, ლაგოდეხიდან აქ მომავალი ბიჭი, თელავში გზაზე გააჩერეს და 2 საათია ტელეფონით ვერ გვიპოვია. პირდაპირი ზეწოლაა, ზუსტად ისეთი, როგორიც 2011-2012 წლებში იყო. ხაშურში მერობის კანდიდატზე, ბიზნესმენზე პირდაპირი მუქარაა მის საქმესა და ბიზნესზე. წარმოუდგენელ რაღაცას აკეთებენ. ფოთში ჩვენს სიაში მყოფი საჯარო მოხელის ნათესავებთან მიდიან და ეუბნებიან, რომ გადაათქმევინეთ, თორემ თქვენ გაგაგდებთო. თავად მასთან ვერ მიდიან“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ვერავინ იჯერებდა, რომ სამი თვის შექმნილი პარტია იმხელა საქმეს ჩაატარებდა, რაც მისმა პარტიამ ჩაატარა.

„ყველამ ერთად წარმოუდგენლად დიდი საქმე გავაკეთეთ. უკვე მთელი საქართველო მოვიცავით, დავარეგისტრირეთ სიები. ახლა ამ სიების აფეთქებაზე მუშაობენ”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

როგორც პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარემ აღნიშნა, „ოცნებისგან” ძალოვანი სტრუქტურების გამოყენებით, პარტიაზე და მის კანდიდატებზე დაშინების, მუქარისა და შანტაჟის შემთხვევები, მის გუნდს ძალას მატებს.

„იმან რაც ახლა ხდება, არ უნდა გაგვაბოროტოს და ჩვენ, ჩვენი ღირსება უნდა შევინარჩუნოთ. იმ ხალხის მდგომარეობაში უნდა შევიდეთ, ვისაც ახლა ამას ავალებენ და ამ რიგითებს უწევთ რაღაც სისულელეების კეთება. არავის ლანძღვა ჩვენ არ გვჭირდება, საქმეს უნდა მივყვეთ. ეს არის მთავარი მიზანი. ჩვენი გამარჯვების წარმატების ფასი ბევრად უფრო დიდი იქნება, ვიდრე ზოგიერთებს ჰგონიათ. ამ არჩევნებიდან იწყება ცვლილებები! ჩვენ არსად არ გვეჩქარება, რადგან ჩვენი მთავარი მიზანია ძლიერი, სამართლიანი და თანამედროვე სახელმწიფოს შექმნა,”- აცხადებს პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე.