გახარია: 3 თვის წინ შექმნილ პარტიაზე სისტემურად [ახდენენ ზეწოლას], გვიკეთებენ იზოლაციას

190

თბილისის მერობის კანდიდატი, ექსპრემიერი გიორგი გახარია ამბობს, რომ ხელისუფლება მის პარტიაზე სისტემურად ახდენს ზეწოლას და უკეთებს იზოლაციას.

რუსთავი 2-ის ეთერში გახარიამ თქვა, რომ პარტიას საქართველოსთვის დღეს მისი წევრები და  საშუალო ბიზნესის მფლობელები აფინანსებენ.

“მინდა გითხრათ, რომ ქართულმა ოცნებამ ყველა სახელმწიფო ინსტრუმენტი, მათ შორის შემოსავლების სამსახური გამოიყენა იმისთვის, რომ მოეხდინა პარტიის სრული იზოლაცია დაფინანსების თვალსაზრისით.

იზოლაციას გვიკეთებენ მედიის თვალსაზრისითაც, ადამიანური რესურსებისაც, მაგრამ დაფინანსების კუთხით …

უბრალოდ ახლა კამპანიაში ვართ და ამისთვის არ გვცალია – კონკრეტულ მაგალითებს მოვიტანთ, როგორ ემუქრებიან ადამიანებს პირდაპირ, შემოსავლების სამსახურის შეშვებით და ა.შ. დღეს რითიც ვფინანსდებით, არის რიგითი მოქალაქეების და პარტიის წევრების შემოწირულობები”. – თქვა მან.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხდებოდა თუ არა მსგავსი რამ, როცა ის იკავებდა შინაგან საქმეთა მინისტრის, შემდეგ კი პრემიერმინისტრის პოსტებს, ვინაიდან ოპოზიცია მუდმივად ყვებოდა მსგავს შემთხვევებზე, გახარია ამტკიცებს, რომ არ ხდებოდა.

“როცა შს მინისტრი ვიყავი, შევქმენი სპეციალური ჯგუფი, რომ იქ, სადაც სისხლის სამართლის დანაშაული იქნებოდა, სწრაფად დაწყებულიყო გამოძიება. როცა პრემიერმინისტრი ვიყავი და არჩევნებს ვატარებდი, ნებისმიერ მომართვაზე მკაცრად ვაკონტროლებდით, როგორი იქნებოდა რეაგირება. მე ხომ არ ვამბობ, რომ ანგელოზი ვარ.

თუ იყო ცალკეული შემთხვევები, ჩვენ ამაზე რეაგირება გვქონდა. ახლა სხვა რამეზე ვლაპარაკობ – ცალკე აღებულ პოლიტიკურ პარტიაზე, რომელიც შეიქმნა 3 თვის წინ, შემოსავლების სამსახური, ფინანსური პოლიცია, პოლიცია და სუს-ი სისტემურად [ახდენს ზეწოლას], თან ყველა დონეზე – საშუალო ბიზნესი, ოჯახის წევრები..” – თქვა გახარიამ.

როგორც ექსპრემიერი ამბობს, ეს ყველაფერი შიშის დათესვის მიზნით კეთდება.

“ეს ჩემთვისაც შოკისმომგვრელი იყო, მეც არ მოველოდი”, – ამბობს ის.

კითხვაზე გრძნობს თუ არა თავის წილ პასუხისმგებლობას იმ სახელმწიფო უწყებების ქმედებების გამო,  რომლებსაც ის თავადაც ხელძღვანელობდა, გახარია ამბობს, რომ კი და სწორედ ამიტომ “დაუპირისპირდა იმას, რასაც ამდენი წელი ემსახურებოდა”.