“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ნინოწმინდაში მათ კანდიდატს მოქალაქეობის ჩამორთმევას უპირებენ. ამის შესახებ მან საკუთარ Facebook-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ მათ მომხრეებზე ზეწოლა გრძელდება.
“წარმოუდგენელი ზეწოლა გრძელდება ახალქალაქში და ნინოწმინდაში ჩვენს მომხრეებზე. სუსის ზეწოლა, ადამიანების დაშანტაჟება. პარქტიკულად სიას გვიხსნიან, რომ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მივიღოთ ადგილზე. ნინოწმინდის კანდიდატს მოქალაქეობის ჩამორთმევას უპირებენ”, — წერს ის.
როგორც ხატია დეკანოიძე On.ge-სთან განმარტავს, ზეწოლა და მუქარა მათ საარჩევნო სიაში მყოფი პირების მიმართ რამდენი დღეა გრძელდება. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშრებით ინფორმაცია ხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციას უკვე მიაწოდა.
On.ge სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
დღეს ზეწოლაზე ისაუბრა ენმ-ს კიდევე ერთმა წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა. მისი თქმით, მათ პარტიულ სიაში მყოფ პირებს სპეცსამსახურებმა თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს.
წინასაარჩევნოდ ზეწოლასა და დაშინებაზე სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც რამდენჯერმე ისაუბრეს. მაგალითად, 3 სექტემბერს გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხალხს, ვინც სხვადასხვა ოლქის სიებში ჰყავთ, “პრობლემების შექმნით” ემუქრება. ამაზე არაერთხელ უსაუბრიათ ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის წევრებსაც.
23 აგვისტოს პარტია საქართველოსთვის ბათუმის მერობის კანდიდატმა, ირაკლი მიქელაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის წევრები ფულს სთავაზობდნენ პარტია საქართველოსთვის კანდიდატებს, რათა წარდგენის შემდეგ პარტია დაეტოვებინათ. ზეწოლასა და მუქარაზე ისაუბრა გახარიას გუნდის რამდენიმე სხვა წევრმაც. 25 აგვისტოს სალომე ღონღაძემ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ქართული ოცნებიდან წასვლისა და გახარიას პარტიაში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო, შეუთვალეს, რომ შეეწყვიტა გუნდის ფორმირება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრნენ, რომ არა თუ მუნიციპალიტეტის, არამედ ქვეყნის დატოვებაც მოუწევდა.
პირველ სექტემბერს სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყოს იმაზე, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის წევრებთან კავშირის გამო 62 ადამიანის მიმართ სხვადასხვა სახის ზეწოლა განხორციელდა. ომბუდსმენის ცნობით, დასაქმებულები გაათავისუფლეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, მუნიციპალური სამსახურებიდან, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული სსიპ-ებიდან, ააიპ-ებიდან და სხვა საჯარო დაწესებულებებიდან.