„ნაცმოძრაობა“ „ოცნებას“ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევასა და მათი პარტიის წევრებზე ზეწოლაში ადანაშაულებს

254

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევასა და მათი პარტიის წევრებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, სენაკში მმართველმა გუნდმა მაჟორიტარობის კანდიდატებს ოლქები შეუცვალა, რაც მისივე თქმით, საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევაა.

რაც შეეხება ზეწოლის ფაქტებს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მათ საარჩევნო სიაში მყოფ ხუთ პირზე ზეწოლა ხდება, რის საფუძველზეც ისინი „ნაციონალური მოხრაობის“ პროპორციული სიის დატოვებას გეგმავენ, რაც ბეჟაშვილის განცხადებით, ამ ოლქებში „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიის გაუქმების საფუძველი გახდება.

„არჩევნების თარიღი ახლოვდება და „ქართულმა ოცნებამ“ გააძლიერა ზეწოლა საარჩევნო ადმინისტრაციასა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე. ჩვენ ყოველდღიურად მოგვდის ინფორმაცია იმ ტოტალური ზეწოლის და ნადირობის შესახებ, რომელიც„ ქართულ ოცნებას“ და მის სპეცსამსახურებს აქვთ გამოცხადებული  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებეზე და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებზე.

სენაკის საარჩევნო ოლქში „ქართულ ოცნებას“ წარდგენილი ჰყავდა გია წურწუმია და ბეჟან სანაია შესაბამის საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარ კანდიდატებად. ამ ადამიანებს შევსებული ჰქონდათ სააღრიცხვო ბარათები თავისი ხელით და თანხმობა ჰქონდათ გაცხადებული, რომ სწორედ იმ საარჩევნო ოლქებში აპირებდნენ არჩევნებში მონაწილეობას მაჟორიტარ კანდიდატებად.

მას შემდეგ, რაც რეგისტრაციის ვადა დასრულდა, საოლქო საარჩევნო კომისიაში „ქართულ ოცნებას“ მოსთხოვეს, დაედგინათ ტექნიკური ხარვეზი და პირადობის ნიმრის შეცვლა მოეხდინათ. ამით „ქართულმა ოცნებამ“ ისარგებლა და კანონის უხეში დარღვევით შეცვალა ამ ოლქებში შესაბამისი მაჟორიტარი კანდიდატები. საოლქო საარჩევნო კიმისია იძულებულია, დიდი ზეწოლის შედეგად დაუკმაყოფილოს „ქართულ ოცნებას“ ეს უკანონო მოთხოვნა. „ქართული ოცნება“ პირდაპირ ახორციელებს ზეწოლას სენაკის საოლქო კომისიაზე. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ვთხოვთ, უშუალოდ ჩაერიოს და კანონის დარღვევა არ დაუშვას.

ახალქალაქსა და ნინოწმინდაში გამოცხადებულია დევნა ჩვენს პარტიულ სიაში მყოფი პირების მიმართ. ახალქალაქში ოთხ ადამიანს სპეცსამსახურებმა დააწერინეს განცხადება. ისინი თავდაპირველად სხვადასხვა მოტივით უარს ამბობდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიაში ყოფნაზე. მაგალითად, ერთს მეუღლე ჰყავს ენერგოკომპანიაში დასაქმებული, მეორეს რძალი ჰყავს საბავშო ბაღში მზარეულად დასაქმებული. მათზე განახორციელეს ზეწოლა და მოსთოვეს თანმდებობის დატოვება ან მათი ნათესავების მიერ საარჩევნო სიიდან ამოღება. ჩვენ ჩავრთეთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ეს ინფორმაცია მათ უკვე მიეწოდათ. მას შემდეგ, რაც ამ ადამიანებს მივეცით გარანტიები, რომ საერთაშირისო დამკვირვებლები, სახალხო დამცველი დაინტერესდებოდა ამ საკითხით და მოხდებოდა მათთვის გარანტიების მიცემა, ამ ადამიანებმა დღეს დილით შეიტანეს განცხადება საოლქო საარჩევნო კომისიაში და უარს ამბობენ იმ უარზე, რომელიც სპეცსამსახურებმა დააწერინეს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.