პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ძალოვანი უწყებები მათი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატებზე ზეწოლას ახდენენ. აღნიშნულთან დაკავშირებით მეზვრიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა და კონკრეტული მაგალითები დაასახელა.
როგორც პარტია „საქართველოსთის“ ერთ-ერთი ლიდერი განმარტავს, ქვეყნის მასშტაბით პარტიის არაერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა მოხსნა საკუთარი კანდიდატურა, რადგან მათ სხვადასხვა მეთოდებით ემუქრებოდნენ. მეზვრიშვილის განცხადებითვე, აღნიშნულ ფაქტებზე სამართალდამცავ ორგანოებს რეაგირება არ აქვთ.
„უკვე რამდენიმე დღეა, „ქართულმა ოცნებამ“ უფრო გაამრავალფეროვნა პარტია „საქართველოსთვის“ წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები და მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე რეგისტრირებულ კანდიდატებზე ძალოვანი უწყებების გამოყენებით ახორციელებს სისტემურ ზეწოლას. ათეულობით კანდიდატმა ამ ზეწოლის შედეგად მოხსნა კანდიდატურა. მოხსნეს კანდიდატურები სამსახურიდან გათავისუფლების ბიზნესზე ზეწოლის და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების შიშით. სამწუხაროდ, უკვე გაჟღერებულ ფაქტებზე გამოძიების დაწყების ნაცვლად, „ოცნება“ დაკავებულია იმით, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც კანდიდატურა ზეწოლის ქვეშ მოხსნეს, ასევე ზეწოლის ქვეშ, სამწუხაროდ, სამთავრობო მედიასაშუალების გამოყენებით, ტყუილებს ავრცელებინებენ. დღეს უკვე მე-4 ბრიფინგია, რომელსაც ვატარებ დანაშაულის ფაქტებთან დაკავშირებით, მე-4 ბრიფინგია, როცა კონკრეტული ფაქტებით სისტემური ზეწოლის შესახებ ვსაუბრობ, რაც დანაშაულს წარმოადგენს და კანონით სავალდებულოა რეგაირება, თუმცა, სამწუხაროდ, ჩემ მიერ ჩატარებულ 3 ბრიფინგს კონკრეტული ფაქტებით, კონკრეტული სახელებით და გვარებით, სამართლადამცავი უწყებების, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. შესაბამისად, ხელისუფლებას მოვუწოდებთ გაათავისუფლონ პოლიტიკური გავლენისგან პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო. სწორედ, ეს ორი უწყებაა ვალდებული, რომ კანონის ფარგლებში რეაგირება მოახდინონ, მისცენ რიგით პროკურორებს, გამომძიებლებს, რიგით მოხელეებს კანონით მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების შესაძლებლობა და ამავდროულად, მოვუწოდებთ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაიწყოს გამოძიება ჩვენ მიერ გაჟღერებულ ყველა ფაქტზე“, – აცხადებს მეზვრიშვილი.
მისივე განმარტებით, კანდიდატურების მოხსნის პარალელურად, ზეწოლის სხვა მეთოდებიც ხორციელდება, მათ შორის, უკანონო ჩხრეკები.
„მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ფაქტები აფერხებს ჩვენ მიერ წინასააარჩევნო კამპანიის ნორმალურ გარემოში წარმოებას და ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ ყველა საერთაშორისო პარტნიორს, ეს ბუნებრივია, ვერ შეგვაჩერებს, ვერ შეგვაშინებს და აუცილებლად მივალთ გამარჯვებამდე იმ ნაბიჯებით, რასაც ყოვლედღე ვდგამთ. ხელისუფლებას კი შევახსენებთ, რომ ჩვენ ეს ყველაფერი ნანახი გვაქვს, ნანახი აქვს საზოგადოებას და ძალიან კარგად ვიცით ეს ყველაფერი რითი მთავრდება.
რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებით მინდა ინფორმცია დეტალურად მოგაწოდოთ. მაგალითად, ახალქალაქის საკრებულოს პარტიული სიის მე-3 ნომრობის კანდიდატმა ვართან ჩოლახიანმა სუს-ის მიერ განხორციელებული ზეწოლის შედეგად მოხსნა კანდიდატურა, ნინოწმინდის რაიონის სოფელ ჰეშტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა ოვანე სოვსეპიანმა მეუღლეზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად, რომ სკოლაში საათებს აღარ მისცემდნენ, კანდიდატურა მოხსნა; ნინოწმინდის შტაბის უფროსმა გევორგ ბაბერციანმა განცხადება დაწერა ზეწოლის შედეგად და პარტიული საქმიანობის გამო პრაქტიკულად თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ახალქალაქში იყო კიდევ ზეწოლის შედეგად კანდიდატურის მოხსნის ორი ფაქტი. სამწუხაროდ, აქტიურად ხდება ძალოვანი უწყებების გამოყენება და ეს ტენდენცია შეინიშნება. მაჰმან მამედოვი ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალის თემში ყოფილი მაჟორიტაორბის კანდიდატი და ასევე სიის მე-11 ნომერი იყო, რომელმაც ძალოვანი უწყებების ზეწოლის შედეგად მოხსნა კანდიდატურა. ადიგენის საოლქო მაჟორიტარობის და პროპორციული სიის კანდიდატს კობა გელაშვილს შვილების სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ, ამ ადამიანმაც მოხსნა კანდიდატურა. ოზურგეთის რაიონში, დაბა ნასაკირალში მაჟორიტარობის კანდიდატმა ნონა ტუნაძემ, არჩილ და ავთანდილ თალაკვაძეების აქტიური ჩართულობით და ზეწოლით მოხსნა კანდიდატურა. ასეთი „ქეისები“ ათეულობით გახლავთ, სამწუხაროდ, არ რეაგირებენ სამართალდამცავი ორგანოები“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.