ირაკლი ქარსელაძე: ლაილაშში თანამედროვე სტანდარტის სკოლა ავაშენეთ

400

ლაილაშში სკოლა ავაშენეთ, რომელსაც 800 000 ლარი მოხმარდა და მას ლაბორატორია, კვების ბლოკი, გათბობისა და ვენტილაციის სისტემებიც აქვს, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ცაგერში „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის გიორგი ნემსაძის წარდგენაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის, ასევე საირმის და ცაგერის სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ხვამლის მთამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შემდეგ, მიმდებარე სოფლების მოსახლეობისათვის ახალი სიცოცხლე და შესაძლებლობები გაჩნდა. მისი თქმით, თითქმის უკვე დასრულებულია ჩქუმი-ქულბაქის გზა, თუმცა სამუშაოების წარმოებისას ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით ემატება სამუშაო, ლაილაშის-თაბორის გზა კი, რომელიც მიმდინარე წელს უნდა დასრულებულიყო, კონტრაქტორის გამო შეჩერდა და მალე ტენდერი კვლავ თავიდან გამოცხადდება.

„იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზა მხოლოდ იმერეთისა და რაჭის გზა არ არის. ეს არის ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის გზაც. ლენტეხი-ლასდილი-უშგული-კალა-მესტიის დამაკავშირებელი გზის პირველი მონაკვეთი წელს, ხოლო ძირითადი მონაკვეთები 2022 წელს დასრულდება. ამ 51 კმ-იან გზას ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის გადარჩენა შეიძლება ვუწოდოთ. გადარჩენა რადგან ამ გზის წყალობით მეტი ადამიანი ჩამოვა, და გაიცნობს აქაურობას, ვინც იცნობს, ის უფრო მეტხანს დარჩება”,-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.