პრემიერი: ადგილობრივი წარმოების მიმართულებით ვგეგმავთ 2,5 მლრდ ლარის ინვესტიციას, რითაც მინიმუმ 100 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, 1000-ზე მეტ საწარმოს დავაფინანსებთ და ეს განვითარება თანაბრად გადანაწილდება ყველა რეგიონში

280

მინდა, გამოსვლა დავიწყო მადლობით, მადლობით თქვენი მხარდაჭერისთვის, ერთგულებისთვის, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე ჩვენ არაერთი გამარჯვება მოვიპოვეთ – 7 ღირსეული გამარჯვება და ახლა ვემზადებით, რომ 2 ოქტომბერს ყველამ ერთად ვიზეიმოთ მე-8 გამარჯვება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ამბროლაურის მერობის კანდიდატის, ზვიად მხეიძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ბოლო 8 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა და საკმაოდ ხელშესახებია ის პროგრესი, რომელიც ქვეყანაშია.

„საკმაოდ ხელშესახებია ის პროგრესი, რომელიც ჩვენ მოვიტანეთ ქვეყანაში, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სპორტი, ადგილობრივი წარმოების განვითარება, მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის, რომ დღეს ჩვენი ხალხის მთავარი გამოწვევა არის უმუშევრობა და სიღარიბე. სწორედ ამიტომ ჩვენი მთავარი საზრუნავი და მთავარი საქმე უნდა იყოს სიღარიბის დამარცხება და მეტი სამუშაო ადგილების შექმნა ქვეყანაში. ამ მიზნით ჩვენს ძლიერ გუნდს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული, კარგად გააზრებული გეგმები და პროექტები. სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ ვგეგმავთ 7 მილიარდი ლარის ინვესტიციის განხორციელებას.

ადგილობრივი წარმოების მიმართულებით ვგეგმავთ 2,5 მილიარდი ლარის ინვესტიციას მომდევნო 3 წელიწადში, რითაც ვფიქრობთ, რომ მინიმუმ 100 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება. 1000-ზე მეტ საწარმოს დავაფინანსებთ და ეს განვითარება გადანაწილდება თანაბრად ყველა რეგიონის მიხედვით. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ განვითარება შევიტანოთ ყველა რეგიონში, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. ჩვენ ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ ამ ულამაზეს რეგიონში.

3 ათასზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი და დაახლოებით 300 მილიონზე მეტი დაიხარჯა ამ ულამაზეს მხარეში. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 60 მილიონი დაიხარჯა მხოლოდ შიდა გზების მოსაწყობად. მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები გაზიფიცირების კუთხით, ასევე ვმუშაობთ წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესებაზე. ჩვენი ამოცანაა, 2025 წელს ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში იყოს 24-საათიანი ხარისხიანი წყალი“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების სფეროში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა.

„ვგეგმავთ, ყველა მუნიციპალიტეტში და ერთ-ერთი მაგალითი არის ამბროლაური, როცა ჩვენ ავაშენეთ პროფესიული სასწავლებელი, ასეთივე სასწავლებელი უნდა აშენდეს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. სკოლების მიმართულებით, 170 სკოლა ავაშენეთ, 250 სკოლის რეაბილიტაცია მოხდა ერთიანი, ევროპული სტანდარტის მიხედვით. 800 სკოლის რეაბილიტაცია არის დაგეგმილი ასევე ევროპული სტანდარტის მიხედვით“, – აღნიშნა პრემიერმა.