საბურთალოს გამგეობა: ფანასკერტელის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცე მოეწყო

334

საბურთალოს რაიონის გამგეობამ, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ფანასკერტელი-ციციშვილის ქუჩაზე, N11 კორპუსის მიმდებარედ, 5 000 კვ.მ ფართობზე სკვერი მოაწყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, რეკრეაციული სივრცე დღეს, თბილისის მერმა კახა კალაძემ საბურთალოს რაიონის გამგებელთან, გაიოზ ვასაძესთან ერთად დაათვალიერა.

„კიდევ ერთი მაგარი პროექტი დასრულდა. ვიცი ამ ტერიტორიაზე რამდენად რთული სიტუაცია იყო და მიხარია, რომ მის ნაცვლად ასეთი დასასვენებელი სივრცე მოეწყო. ამ უბანში ბევრი ოჯახი ცხოვრობს და აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იყო. რეკრეაციულ სივრცეში ყველა ასაკის ადამიანი შეძლებს დროის გატარებას. მადლობა ამისთვის საბურთალოს გამგეობას და ყველა იმ ადამიანს, ვინც სკვერის მოწყობის სამუშაოებში მონაწილეობა მიიღო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მათივე ცნობით, კორპუსთან მდებარე ფერდობი წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი ტერიტორია იყო, სადაც დაუსრულებელი ავტოფარეხების რკინის კონსტრუქცია იყო განთავსებული.

„პირველ ეტაპზე, ამ კონსტრუქციის დემონტაჟი განხორციელდა და რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, პროექტი მომზადდა. პროექტის შედეგად, ტერიტორიაზე მაგიდის ჩოგბურთის, კალათბურთის და სავარჯიშო სივრცე მოეწყო. ასევე, დამონტაჟდა ბავშვთა გასართობი, თანამედროვე ატრაქციონები, ლედ განათების სისტემა და სკვერისთვის საჭირო ინვენტარი. სკვერში გამწვანების სამუშაოებიც განხორციელდა – დაირგო 250 ძირი სხვადასხვა სახეობის ხე, მოეწყო სარწყავი სისტემა და დაიგო რულონური ბალახი. სამუშაოები საბურთალოს გამგეობის დაფინანსებით კომპანია „გრინსერვისი+“ შეასრულა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.