“რუსთავი2” სამ საარჩევნო სუბიექტს წინასაარჩევნო დებატებში აღარ დაპატიჟებს

678

ტელეკომპანია რუსთავი2-ის გადაცემა “არჩევანის” სტუდია გუშინ პროტესტის ნიშნად ,,პატრიოტთა ალიანსმა”,  ,,დემოკრატიულმა მოძრაობამ” და ,,ლეიბორისტულმა პარტიამ” დატოვეს, რასაც გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ და რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ უპატივცემულობა უწოდეს და “რუსთავი 2”-ის სახელით განცხადება გააკეთეს.

გიორგი გაბუნიას თქმით, “რუსთავი 2”-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარტიები, რომლებმაც სტუდია დატოვეს, არხის მიერ წინასაარჩევნოდ გამართულ დებატებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.

“მინდა გავაკეთო განცხადება “რუსთავი 2″-ის სახელით, იმ ადამიანების მისამართით, რომლებიც დღეს აქ იდგნენ და რომლებმაც ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე დატოვეს სტუდია. რელევანტური არგუმენტაცია ჩვენ მათგან ვერ მოვისმინეთ. მათ შეთანხმებულად დატოვეს არჩევანის სტუდია. ესენია: ,,ლეიბორისტული პარტია”, ,,დემოკრატიული მოძრაობა” და ,,პატრიოტთა ალიანსი”.  აღნიშნული ქმედებით მათ უპატივცემულობა გამოხატეს გადაცემის, მთელი არხის და სტუდიაში დარჩენილი მათივე კოლეგების მიმართ, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არცერთი აღნიშნული პარტია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ არცერთ ჩვენს დებატებში მონაწილეობას აღარ მიიღებს, რადგან ჩვენ მათ უბრალოდ აღარ დავპატიჟებთ”,- განაცხადა გაბუნიამ.

,,დღეს, გადაცემა არჩევანი ყოველგვარი რელევანტური არგუმენტაციის გარეშე, შეთანხმებულად დატოვეს “ლეიბორისტულმა პარტიამ”, “გაერთიანებულმა დემოკრატებმა” და “პატრიოტთა ალიანსმა”. აღნიშნული ქმედებით, მათ უპატივცემლობა გამოხატეს გადაცემის, მისი წამყვანის, მთელი არხის და სტუდიაში დარჩენილი მათი კოლეგების მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, არხის გადაწყვეტილებით, არც ერთი ზემოაღნიშნული პარტიის კანდიდატი მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ არც ერთ დებატებში აღარ დაიშვება”- განაცხადა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ნიკა გვარამიამ.