შპს “აგროქართლმა” და შპს “ალდანუმამ” მმართველ პარტიას ფული შესწირეს

351

გორელმა ბიზნესმენმა მალხაზ ხვედელიძემ 2021 წლის თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში “ქართულ ოცნებას” 2 000 ლარი გადაურიცხა.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, იგი შპს “ალდანუმას” დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელია. დარჩენილ 50%-ს ნუგზარ სვიანაძე ფლობს. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს, როგორც მალხაზ ხვედელიძე, ასევე, მისი კომპანიის მეწილე ნუგზარ სვიანაძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შემომწირველები იყვნენ.

ხვედელიძემ მაშინ პარტიას 5 997 ლარი, ხოლო სვიანაძემ 52 000 ლარი გადაურიცხა.

გარდა ამისა, შემოწირულობის სახით 10 ათასი ლარი გადაურიცხა “ქართულ ოცნებას” შპს “აგროქართლმაც”.

პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის ბაზაში გადარიცხვა 30 აგვისტოს დაფიქსირდა.

“აგროქართლი” ფერმერთა მომსახურების ცენტრია, რომელიც გორში, წმინდაწყლის დასახლებაში მდებარეობს. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, კომპანიის დირექტორი და 60%-იანი წილის მფლობელი გიორგი სიმონიშვილია. კომპანიის 20%-20%-ს ნიკოლოზ ელიკაშვილი და ელიზბარ ძამელაშვილი ფლობენ.

როგორც ცნობილია, “აგროქართლი” 2015 წელს USAID-ს მხარდაჭერით დაფუძნდა და მიზანი იყო სერვის-ცენტრის დაარსება, რომელიც მოემსახურებოდა 9,000 ადგილობრივ ფერმერს და ხელს შეუწყობდა მათ მიერ მოყვანილი პროდუქციის ხარისხის ამაღლებას.