ბანერები ახალციხეში მხოლოდ “ქართულ ოცნებას”

274

ეს ახალციხეა. მკაფიოდ არა, თუმცა, როგორც ყველა ქალაქში აქაც იგრძნობა წინასაარჩევნო გარემო. ქუჩებში გამოკრულია მერობის კანდიდატის ბანერები. დიახ კანდიდატის და არა კანდიდატების, იმიტომ რომ საბანერე რეკლამა ჩვენ ქალაქში ჯერჯერობით მხოლოდ “ქართულ ოცნებას” აქვს გამოყენებული. ამ თემაზე სიუჟეტს toktv.ge ავრცელებს.

ქართული ოცნების მერობის კანდიდატების სახეებით ბანერებს შეხვდებით ახალციხის კოსტავას ქუჩაზე, თამარაშვილზე და კიდევ არაერთ ლოკაციაზე. საპირისპიროა ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო კამპანია ამ ნაწილში, მათი მერობის კანდიდატებით ბანერები ქალაქში არ არის.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი ახალციხეში, დავით ბალიაშვილი ამბობს, რომ მათ საბანერე ადგილები “ქართულმა ოცნებამ” არ დაუტოვა.

მართალია დღეს აღნიშნული სარეკლამო რესურსი თითქმის სრულად ათვისებულია, თუმცა 5 დღის წინ თემაზე მუშაობისას,  საბანერე სივრცეების მფლობელი სარეკლამო კომპანიის წარმომადგენელი გვეუბნებოდა, რომ ახალციხეში ლოკაციები თავისუფალი იყო.  “ალმას” ოფიციალურ გვერდზე დღემდეა დარჩენილი ერთი თავისუფალი საბანერე ადგილი, რუსთაველის ქუჩაზე. რაც შეეხება ტარიფებს, კომპანიისგან ამ ინფორმაციის მიღება დღეს ვერ შევძელით, ისინი ზარებზე არ გვპასუხობდნენ.

რაც შეეხება მმართველ პარტიას, მერობის კანდიდატი, ირაკლი ლაზარაშვილი ამბობს, რომ რაც მეტი ბანერი იქნება განთავსებული უკეთესი იქნება. დანარჩენ დეტალებზე პარტიის შტაბში გვამისამართებს, სადაც ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

კიდევ ერთი პარტია, რომელსაც ახალციხეში საკუთარი მერობის კანდიდატი ეყოლება “ევროპული საქართველოა”. აქ ამბობენ, რომ ბანერებით არჩევნებს ვერ მოიგებენ და მოსახლეობასთან შეხვედრებს ანიჭებენ უპირატესობას.

პარტია “ლელოში” გვეუბნებიან, რომ კანდიდატების ოფიციალურად წარდგენის შემდეგ გააქტიურდებიან.

ქალაქ ახალციხის ტერიტორიაზე არსებულ საბანერე სივრცეებს კომპანია “ალმა” ფლობს. გარდა აღნიშნული სარეკლამო კომპანიისა, საბანერე ადგილებს ფლობს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაც. ჩვენს მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, მათი ბანერები დატვირთულია მხოლოდ კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალებით.

“ქართულმა ოცნებამ” პასიური წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში დღეს ოპონენტები დაადანაშაულა. მმართველი პარტიის განცხადებაში საუბარი იყო საბანერე სივრცეების ათვისებაზეც.