სიღნაღის საკრებულოს წევრმა „ოცნება“ დატოვა და გახარიას გუნდს შეუერთდა. ამის შესახებ ოთარ ალადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“მეგობრებო, მოგეხსენებათ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ, ამომრჩევლის გადაწყვეტილებით გავხდი სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. ამის პარალელურად დღემდე ვმუშაობდი დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტოს მონიტორინგის სამმართველოში.
სიღნაღის საკრებულოში ჩემი ყოფნის ერთადერთი საფუძველი და სურვილი იყო, რომ მეკეთებინა ჩემი მშობლიური კუთხისთვის რაიმე სასარგებლო სქმე, განსაკუთრებით ჩემი სოფლისთვის, რომლის მაჟორიტარიც გახლდით. თუმცა ამ ხნის განმავლობაში ბევრ უსამართლობას წავაწყდი მმართველი პარტიის მხრიდან, რომელზეც დეტალურად შემდგომ ვისაუბრებ. ამ ყველაფერთან ერთად, მიმაჩნია, რომ ქართული ოცნების დღევანდელი არაერთი ნაბიჯი პირდაპირ აზიანებს ქვეყნის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკას, ზრდის პოლარიზაციის ხარისხს, რაც გამოწვეულია ვიწრო პარტიული ინტერესებით. ეს კი მარწმუნებს, რომ მმართველი გუნდი მიექანება პოლიტიკურ უფსკრულში და დაუფიქრებლად სურს გაიყოლოს მთელი ქვეყანა, თუმცა ვისაც ძალა შეგვრჩენია ეს არ უნდა დავუშვათ და განვაგრძოთ ბრძოლა ქვეყნის განვითარებისთვის. ამის საშუალება კი მწამს, რომ მომეცემა სწორედ იმ გუნდში, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი გიორგი გახარია! ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება და ვტოვებ პარტია ქართულ ოცნებას და ვუერთდები ბატონ გახარიას გუნდს: პარტია – საქართველოსთვის!
ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს ვუსურვებ წარმატებას, ვისაც ჭეშმარიტად ადარდებს ქათველი ხალხი და საქართველო!
აგრეთვე დავტოვე სამსახური დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტოში და მთელი რესურსით და ენერგიით ვერთვები ჩემი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამსახურში!” – წერს ოთარ ალადაშვილი.