გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატია

345

შემდეგი სტატია

ექსპრემიერი გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიის მერობის კანდიდატების, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისა და თბილისის საკრებულოში პარტიული სიის წევრების წარდგენისას განაცხადა.

“მინდა, ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს ვუთხრა, დღეიდან თქვენ საქმე გექნებათ ჩემთან, სოლიდარობის მიზნით, თითოეული ჩვენი მერობის კანდიდატის მიმართ, რომელთაც მძიმე პირობებში უწევს ბრძოლა, მე ერთი, ცალკე აღებული საქართველოს მოქალაქე და თბილისელი, ყველანაირი პოლიტიკური კეკლუცობის გარეშე ვაცხადებ, რომ თქვენთან ერთად ვერთვები თბილისის მერობისთვის ბრძოლაში.

მე ამ ქალაქში დავიბადე, მე თბილისში გავიზარდე, მე ამ ქალაქის სისხლი და ხორცი ვარ. ბევრზე უკეთესად ვიცი, რა სჭირდება ამ ქალაქს. ისიც კარგად მესმის, რომ ამ ქალაქს სჭირდება ღირსებისა და სამართლიანობის შენარჩუნება. ამ ქალაქს სჭირდება კორუფციისა და ნეპოტიზმისგან დაცლილი და სუფთა გარემო. ამ ქალაქს ამასთან ერთად სჭირდება დიდი ამბიციები, რომ გახდეს რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი მეგაპოლისი, ამ ქალაქს სჭირდება მეგა პროექტები. ჩვენ კონკრეტულ გეგმას შევთავაზებთ თბილისელებს, როგორ უნდა გახდეს თბილისი პირველი მეგაპოლისი ჩვენს რეგიონში. ამისთვის ჩვენ უაღრესად სწრაფად შეგვიძლია სატრანსპორტო კვანძებით დავაკავშიროთ ერთმანეთთან, თბილისი, ლილო, რუსთავი, განვავითაროთ მეტრო. ეს იქნება უარღესად დიდი ეკონომიკური ენერგიის მატარებელი არა მხოლოდ თბილისისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის“, – განაცხადა გახარიამ.

“ქართული ოცნებიდან” თბილისის მერობისთვის კახა კალაძე იბრძვის, ოპოზიციის კანდიდატი კი ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიაა.