ბოლო 4 წლის განმავლობაში, თბილისში 70-ზე მეტი კედელი მოიხატა-მომავალშიც საინტერესო „სთრით არტის“ ნამუშევრები გველოდება მთელი ქალაქის მასშტაბით“,- ამის შესახებ დედაქლაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო წლებში აქტუალური გახდა მკაფიოდ გამოხატული ურბანული სტილის ხელოვნება „სთრით არტი“.
„თბილისში ძალიან ბევრ განხორციელებულ პროექტს ნახავთ ჩვენი ჩართულობით, რაც ძალიან კარგია. ხელოვნების ამ მიმართულებამ დროთა განმავლობაში ვანდალური და აკრძალული ქმედების სტატუს მეტ-ნაკლებად დააღწია თავი, თვითგამოხატვის და თავისუფლების სიმბოლოდ, ამასთან, საინტერესო კულტურული ღირებულების ატრაქციად იქცა. ამ პროცესების გავლენით, ბოლო 4 წლის განმავლობაში, თბილისში 70-ზე მეტი კედელი მოიხატა, რაც ქალაქს ალამაზებს, ძალიან ლამაზი სივრცეები შეიქმნა. რა თქმა უნდა, ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ. შემდეგშიც ვაპირებთ ამ პროექტების განხორციელებას“,- აღნიშნავს კალაძე.
როგორც მან განმარტა, 2019 წელს დედაქალაქში დაფუძნდა Tbilisi Mural Fest-ი რომლის ფარგლებშიც 15 კედელი მოიხატა.
„ წელს კიდევ 10-მდე კედლის მოხატვაა დაგეგმილი დედაქალაქის სხვადასხვა უბანში“,-აღნიშნავს კალაძე და დასძენს, რომ ფესტივალში მონაწილეობენ ცნობილი უცხოელი და ქართველი არტისტები. მან ასევე ბიზნსს ჩართულობისკენ მოუწოდა, რათა ხელი შეუწყონ „სთრით არტის“ განხორციელებას.
„მინდა ბიზნესს მივმართო, თუ მათ აქვთ ჩართულობის სურვილი, ჩვენ ყოველგვარი პრობლემების გარეშე პირიქით, ხელს შევუწყობთ მათ ჩართულობას. რაც შეიძლება მეტი ქართველი არტისტი იყოს დატვირთული, ხელშეწყობა ჰქონდეთ ასეთი კარგი და ლამაზი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. მომავალშიც საინტერესო „სთრით არტის“ ნამუშევრები გველოდება მთელი ქალაქის მასშტაბით“,-აღნიშნავს კალაძე.