ვაშაძემ “მესამე ძალა” ოფიციალურად წარადგინა – ვისთან გაერთიანდა “სტრატეგია აღმაშენებელი”

459

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალა“ წარადგინა. როგორც მან პლატფორმის პრეზენტაციისას განაცხადა „მესამე ძალა“ არის მექანიზმი, რომელიც საშუალებას იძლევა ქვეყანამ გაარღვიოს „ორპოლუსიანობის მოჯადოებული წრე“ და იბრძოლოს ქვეყნის წინსვლისთვის.

გიორგი ვაშაძემ, საზოგადოებას ის ადამიანები წარუდგინა, რომლებიც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებთან ერთად მესამე ძალის ფორმირებაში იღებენ მონაწილეობას:

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე;

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ხათუნა სამნიძე;

„თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე თამარ კეკენაძე;

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი რეზო კემულარია;

„ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის წარმომადგენელი“ ვახტანგ იაშვილი;

სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სახელმწიფო მართვის პროფესორი ოთარ ბაღათურია;

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პაატა ჩიქოვანი.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდთან ერთად ჩვენ გადავწყვიტეთ ჩამოგვეყალიბებინა პლატფორმა „მესამე ძალა“, რომელიც გააერთიანებს როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ და სხვადასხვა ტიპის პროფესიონალ ადამიანებს, რომელიც ადამიანს, მის პრობლემებს, მის გაჭირვებას დააბრუნებს ყოველდღიურ პროცესში.

„მესამე ძალა“ არის პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შევძელით ძალიან ბევრი პროფესიონალი ადამიანის გაერთიანება მთელი საქართველოს მასშტაბით. „მესამე ძალის“ მეშვეობით ჩვენ შევთავაზეთ ბევრ ადამიანს მიეღო მონაწილეობა საკუთარი სოფლის, საკუთარი ქალაქის, საკუთარი ქვეყნის განვითარების პროცესში. არ მოვახვიეთ თავს, რომ მაინც და მაინც კონკრეტული პარტიის წევრი უნდა გახდე, არა, გთავაზობთ, რომ ყველა ერთად დავდგეთ, გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ ქვეყნის განვითარებისთვის. მანამ, ვიდრე ქვეყანაში არსებობს ორი პოლიტიკური პოლუსი, ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს და ეს გვაჩვენა 2012 წლიდან მოყოლებული ყველა არჩევნებმა. სწორედ ამიტომ ჩამოვაყალიბეთ პარტნიორებთან, მეგობრებთან, სხვა პარტიებთან, პროფესიონალებთან ერთად „მესამე ძალა“. „მესამე ძალა“ ეს არის რწმენა, რომ ამ ქვეყანას და ჩვენ შეგვიძლია მეტი და ჩვენს ერთიანობას შეუძლია გადატეხოს ის უამრავი პრობლემა, რომელიც დღეს გვაწუხებს. ქვეყნის აღმშენებლობას სჭირდება „მესამე ძალა“. თუ ამ არჩევნებზე იმავე არჩევანს გავაკეთებთ, რაც კეთდება 2012 წლის შემდეგ, არსად არ წავა ეს პრობლემები, ისევ ვიქნებით იმ მოჯადოებულ წრეში. „მესამე ძალა“ არის მექანიზმი, გავარღვიოთ ორპოლუსიანობის მოჯადოებული წრე და ვიბრძოლთ საქართველოს მოქალაქეების გამარჯვებისთვის, ადამიანების გამარჯვებისა და მათი კეთილდღეობისთვის. ეს არის იდეა, რომ უარი ვთქვათ დაპირისპირებაზე და მაქსიმალურად ვიბრძოლოთ ქვეყნის განვითარებისთვის“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.