ფოთის მერობის ოპოზიციის კანდიდატის, გიგი უგულავას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მისცა ცნობა, რომელიც აუცილებელი იყო არჩევნებისთვის მისი რეგისტრაციისთვის.
უწყებაში ადასტურებენ, რომ უგულავამ მათ მიმართა და ამბობენ, რომ განცხადების მიღებისთანავე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
უგულავა აცხადებს, რომ მსგავსი ცნობა შარშანდელი არჩევნების წინაც აიღო და ამის შემდეგ მისი სამართლებრივი მდგომარეობა არ შეცვლილა. სწორედ ამიტომ ფიქრობს, რომ საბუთის არგაცემის საფუძველი არის შიში.
აღნიშნულის შესახებ უგულავა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. უგულავას თქმითვე, შსს „ლუკაშენკოს მილიციას ბაძავს“.
„შსს არ მაძლევს ცნობას, რაც აუცილებელია ფოთში ჩემი რეგისტრაციისთვის. არც უარის ქაღალდს მაძლევენ. ახლა მივდივარ ადგილზე. რამ შეგაშინათ ასე თქვე უდღეურებო? – გასაგებია, რამაც შეგაშინათ… ასე არ დავტოვებ ამას“, – წერს უგულავა.
როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უგულავამ მომსახურების სააგენტოდან უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა მოითხოვა და შესაბამისი ინფორმაცია საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან გამოითხოვეს. მათივე თქმით, უგულავას განუმარტეს, რომ ინფორმაცია, რომლის საფუძველზე გაიცემა ცნობა უწყებებიდან უნდა მიიღონ.
“მოქალაქე გიორგი უგულავაზე ცნობის მოთხოვნის დღესვე გაიცა შუალედური პასუხი, სადაც მას განემარტა რომ, თუ პირის მიმართ დაწყებული იყო სისხლის სამართლებრივი დევნა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში არ არსებობს/ვერ მოიძია ამ საქმეზე განაჩენი, დეპარტამენტი ასეთი პირისთვის სასამართლოს განაჩენის მოძიების მიზნით მიმართავს საგამოძიებო ორგანოს, საქართველოს პროკურატურას, სასამართლოს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის უწყებებს. მათგან მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შემდგომ, როდესაც ამ გზითაც ვერ დასტურდება განაჩენის არსებობა, სააგენტოს აწვდის ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც გაიცემა ცნობა უფლების ჩამორთმევის არქონის შესახებ”, — განაცხადეს უწყებაში.
უგულავა აცხადებს, რომ იმის მიუხედავად მისცემენ თუ არა არჩევნებზე დარეგისტრირების უფლებას, “ქართულ ოცნებას” არ მისცემს საშუალებას, რომ არჩევნები გაყალბდეს.