მმართველი გუნდის მიერ დასახელებული კანდიდატები, კასპსა და ქარელში, კვლავ მერის მოვალეობას ასრულებენ. შესაბამისად, როგორც მერიის პრეს-სამსახურში აცხადებენ, ოფიციალურ ფეიბუქგვერდზე მათი აქტივობების გაშუქება არაა კანონდარღვევაა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
“გავიარეთ კონსულტაციები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში და ისე გამოვაქვეყნეთ მათ შესახებ ინფორმაცია. კანონს არ ვარღვევთ. ჯერ ოფიციალურად დარეგისტირებულები არ არიან, როგორც კანდიდატები. ხომ შეიძლება ვინმემ აზრი შეიცვალოს?” – გვითხრეს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის პრეს-სამსახურში.
დღეს, 5 აგვისტოს, ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დაათვალიერეს მოქმედმა მერებმა მოასფალტებული ქუჩები სოფელ ხვითსა და ქვნატკოცაში. 2 აგვისტოს კი, ისინი, როგორც მერობის კანდიდატები, მმართველი გუნდის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ დაასახელა.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, დაუშვებელია კანდიდატების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ პარტიის მიერ კანდიდატებად ოფიციალური წარდგენა არაფერს ნიშნავს, რადგან კანდიდატებს ცესკოში ჯერ განაცხადი არ წარუდგენიათ.
წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე. ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და მერის არჩევნების დანიშვნის შესახებ ცნობა 4 აგვისტოს გამოქვეყნდა.
ცესკოს ცნობით, 11 აგვისტო არის პარტიის შესწორებული განცხადების, საბუთების შემოწმებისა და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტის ბოლო ვადა. თუ შესწორებული განცხადება და საბუთები აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი გამოსცემს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ განკარგულებას.