ქუთაისის ტორპედო იყიდება. ელექტრონული აუქციონების ვებ-გვერდზე შესაბამისი ინფორმაცია 4 აგვისტოს გამოქვეყნდა. ობიექტის საწყისი ფასი 567 017 ლარია, ხოლო აუქციონი 19 აგვისტოს დასრულდება. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
რაც შეეხება საპრივატიზაციო პირობებს, მყიდველი ვალდებულია: შპს “საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ 100%-იანი წილის გადაცემიდან არაუგვიანეს 2021 წლის 31 აგვისტომდე, არსებული კრედიტორული დავალიანების დასაფარად, განახორციელოს 670 000.00-ლარის ინვესტიცია, ხოლო არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრამდე განახორციელოს არანაკლებ 1 800 000.00 ლარის ინვესტიცია.
გარდა ამისა, მყიდველი ვალდებულია მართოს შპს “საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი“ როგორც გულისხმიერმა მფლობელმა, კეთილსინდისიერი კომერსანტის ძალისხმევით, მოიძიოს ინვესტორები, დონორები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოსავლის სხვა წყაროები. შპს “საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ განვითარებისათვის, ყოველწლიურად განახორციელოს მინიმუმ 1 000 000.00 (ერთი მილიონი) ლარის ინვესტიცია, გარდა ფეხბურთის განვითარების ფონდიდან მიღებული დაფინანსებისა. ამასთან, აღნიშნულ თანხაში არ შედის შპს “საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი.
გარდა ამისა, „ტორპედოს“ მყიდველს რამდენიმე პირობის შესრულება მოუწევს, უეფასა და ეროვნული ლიცენზიის ყოველწლიურად ასაღებად, კომპანიაში შექმნას საჭირო პირობები, ლიცენზირების დებულებების შესაბამისად. უზრუნველყოს, კომპანიის საფეხბურთო გუნდების შესაბამის ლიგებში ასპარეზობა. საკუთრებაში გადაცემული კომპანიის გამართულად ფუნქციონირებისათვის, ყოველწლიურად უზრუნველყოს საჭირო პირობების შექმნა.
უზრუნველყოს საფეხბურთო სკოლა-აკადემიისა და ბავშვთა გუნდების ფუნქციონირება (წელიწადში 100-200 ბავშვზე), ოფიციალური მატჩებისა და სასწავლო-საწვრთნელი პროცესი, ფიფას, უეფას და საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის დებულებით დადგენილი პირობების შესაბამისად.
უზრუნველყოს, რომ საფეხბურთო კლუბმა შეასრულოს უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ დადგენილი საკლუბო ლიცენზირების სავალდებულო მოთხოვნები და სხვა სტანდარტები.
დაიცვას ადგილობრივ და უეფას საკლუბო შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის კლუბების ლიცენზირების დებულებებით დადგენილი „სამი წლის“ წესი. (უეფას საკლუბო შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის კლუბების ლიცენზირების დებულების მე-11 მუხლის შესაბამისად).
ყოველი საანგარიშო წლის ბოლოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგინოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის N17 ბრძანების მე-2 მუხლით განსაზღვრული აუდიტორების/აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში www.saras.gov.ge -ზე რეგისტრირებული აუდიტორის ან/და აუდიტორული კომპანიის დადასტურება, ინვესტორის ფინანსური შემოსავლების გამჭვირვალეობის შესახებ.
აიღოს პასუხისმგებლობა შპს „საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისის“მიმართ მესამე პირთა მიერ წაყენებულ, მათ შორის ამ ეტაპზე აღიარებულ, დადასტურებულ ან/და აუღიარებელ, დაუდასტურებელ მოთხოვნებზე/ვალდებულებებზე არაუმეტეს 3 000 000 (სამი მილიონი) ლარის ფარგლებში.
შპს „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ ადგილობრივ ან/და საერთაშორისო, (როგორც ოფიციალური, ასევე ამხანაგური), ასევე, უეფას მატჩებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, ყოველწლიურად, საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე, არანაკლებ 10 სამუშაო დღისა, წარმოადგინოს არანაკლებ 4 000 000 ლარის საბანკო გარანტია (მხოლოდ საბანკო დაწესებულებიდან, ამასთან, მიკროსაფინანსო ან/და სადაზღვევო ორგანიზაციიდან გაცემული საბანკო გარანტია არ დაიშვება), საბანკო გარანტიის ვადა არ უნდა იყოს საფეხბურთო სეზონის ხანგრძლივობაზე ნაკლები.
საქართველოს ფეხბურთის განვითარების პროგრამის გაგრძელების შემთხვევაში უზრუნველყოს შპს “საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ განვითარებისათვის თანხის მოზიდვა ყოველწლიურად არანაკლებ 2 500 000.00 ლარის ოდენობით.
საქართველოს ფეხბურთის განვითარების პროგრამის დასრულების შემთხვევაში ყოველწლიურად უზრუნველყოს შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ , განვითარებისათვის თანხის მოზიდვა ყოველწლიურად, არანაკლებ 4 000 000.00 ლარის ოდენობით.
არ შეცვალოს შპს “საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისის“ სპორტული პროფილი „ფეხბურთი“ და სახელწოდება.
მოზიდული ინვესტიციის 10% გამოიყენოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისათვის, თუ აღნიშნული არ შეეწინააღმდეგება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას.
მყიდველი ვალდებულია აანაზღაუროს შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ ყოველგვარი დავალიანება კრედიტორების წინაშე.
„ზემოაღნიშნული პირობებიდან ერთ-ერთის შეუსრულებლობის შემთხვევაში შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ 100%-იანი წილი საკუთრებაში უბრუნდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს. ამასთან, მყიდველი ვალდებულია გაუმჯობესებული ქონება ყოველგვარი დავალიანების გარეშე დააბრუნოს დაუყონებლივ შესაბამისი სარეგისტრაციო და სხვა საჭირო პროცედურების გავლის უზრუნველყოფის ჩათვლით, რის შემდგომაც გამყიდველი იმსჯელებს ხელშეკრულების შეწყვეტაზე.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი თავის მხრივ იღებს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს მყიდველს, ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში, რისთვისაც, კანონით დადგენილი წესით, სარგებლობაში გადასცემს საფეხბურთო ბაზას“, – ნათქვამია სატენდერო პირობებში, რომელიც eauction.ge-ზე გამოქვეყნდა.