სოფელ ფრეზეთში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 300 ოჯახის სასმელი წყლით მომარაგების მდგომარეობა გაუმჯობესდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
სასმელი წყლის ჭაბურღილისა და სისტემების მშენებლობა მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, მცხეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების ინიციატივით, ა(ა)იპ „ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ ორგანიზებით, აშშ-ის ევროპული მთავარსარდლობისა და აშშ-ის საელჩოს თავდაცვითი ურთიერთობის ოფისის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულება 403 000 აშშ დოლარზე მეტს შეადგენს.
სოფელ ფრეზეთში, სასმელი წყლის ჭაბურღილის სანახავად იმყოფებოდნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, ა(ა)იპ „ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ გენერალური დირექტორი გიორგი ატაშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები.
მოხარულები ვართ, რომ სოფელ ფრეზეთში ძალიან მაღალი დონის დელეგაცია გვესტუმრა. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საკითხი წლების განმავლობაში არსებულ პრობლემას, დევნილთა დასახლების სასმელი წყლით მომარაგებას შეეხება. აღნიშნული პრობლემა უკვე მოგვარდა. სრულად გამართულია სასმელი წყლის სისტემა.
მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, აშშ-ის საელჩოს საქართველოში და ყველა იმ ადამიანს, ვინც პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული. იმედს ვიტოვებთ, რომ მსგავსი სახის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ.
სოფელ ფრეზეთში, დევნილთა დასახლებაში, ასევე, იმყოფებოდნენ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი, ჯორჯიის შტატის გვარდიის გენერალი მაიორი ტომას კარდინი, ჯორჯიის შტატის გვარდიის მთავარი სერჟანტი მეთიუ მარქსი, ჯორჯიის შტატის State Partnership Program-ის (ჯორჯიის შტატსა და საქართველოს შორის პარტნიორობის პროგრამა) დირექტორი, ვიცე პოლკოვნიკი კოლინ ტომპსონი, მაიორი დანიელ სეკულა, სერჟანტი ნიკოლას ჯელქსი, კაპიტანი ბრენდონ ლონგი, საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი ალთეა კოვლი-მარფრი და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის მენეჯერი თამარ რურუა.