პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ცესკოს, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიმართა.
როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ხვედელიანმა განაცხადა, პარტია სერიოზულ ბრძოლაში ერთვება და ოქტომბრის რეფერენდუმში სახალხო ინტერესი აუცილებლად გაიმარჯვებს.
“ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას ამ ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებში, რომელიც არის რეფერენდუმი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ამ ქვეყანაში ცხოვრება. ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ ძალიან სერიოზულ ბრძოლას, ჩვენ ვერთვებით ძალიან სერიოზულ ბრძოლაში და ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ ამ კამპანიაში და ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ და ერთხელ და სამუდამოს ამ ქვეყანას, ამ ქალაქს გადავიყვანთ მართვის სწორ რელსებზე. დადგა დრო, რომ თბილისსაც და საქართველოსაც მართავდეს დაბალანსებული კოალიციური ხელისუფლება. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სახალხო ინტერესი აუცილებლად გაიმარჯვებს ოქტომბრის რეფერენდუმში და ჩვენ ძალიან მალე მივიღებთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, რომელშიც ასევე გაიმარჯვებს სახალხო ინტერესი და საბოლოოდ დამარცხდება უიმედობა, ძალადობა და ძალმომრეობა ამ ქვეყანაში”, – განაცხადა ხვედელიანმა.