პრემიერი: ერთ-ერთი კონკრეტული ამოცანაა, რომ 2030 წელს საქართველოს ყველა მოქალაქე ისაუბრებს გამართულად ქართულ ენაზე

802

ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ის ფაქტი რომ დღეს ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე ვერ საუბრობს და ვერ წერს ქართულ ენაზე, რაც რა თქმა უნდა, არის პრობლემა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის 10-წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ერთ-ერთი კონკრეტული ამოცანაა, რომ 2030 წელს საქართველოს ყველა მოქალაქე გამართულად ქართულ ენაზე ისაუბრებს.

„ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ის ფაქტი რომ დღეს ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე ვერ საუბრობს და ვერ წერს ქართულ ენაზე, რაც რა თქმა უნდა, არის პრობლემა. მოდით ვაღიაროთ, რომ ეს არის პრობლემა. მე აქ ვხედავ ჩვენს წარმატებულ პარლამენტის წევრებს. ეთნიკურად აზერბაიჯანელებს, რომლებიც აბსოლუტურად გამართულად, სუფთად საუბრობენ ქართულ ენაზე. არიან წარმატებულ ახალგაზრდები. მათ თავიანთი შრომით, განათლებით, ცოდნით მიაღწიეს იმას, რომ გახდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები. მანამდეც შთამბეჭდავი კარიერა ჰქონდათ. ეს არის ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი. მე მინდა, ბევრი ასეთი ახალგაზრდა ვიხილო პარლამენტში, სამინისტროებში, მინისტრებად, მინისტების მოადგილეებად და ა.შ. ამისათვის ერთ-ერთი ყველაზე პირველი წინაპირობაა, რომ ქართული ენა შევასწავლოთ ჩვენს ყველა მოქალაქეს. დავისახოთ მიზნად, რომ 2030 წელს საქართველოს ყველა მოქალაქე ისაუბრებს გამართულად ქართულ ენაზე. ეს არის ერთ-ერთი კონკრეტული ამოცანა. ამის თაობაზე არაერთხელ მისაუბრია ჩვენ ეთნიკურად აზერბაიჯანელ და სომეხ თანამოქალაქეებთან და ყველასგან არის სრული მზაობა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი. მათი მხრიდან არის მონდომება და ჩვენ უნდა შევუქმნათ ყველა ინსტრუმენტი, რაც საჭიროა ამ მიზნის მისაღწევად – განათლებაზე და ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, მათი ჩართულობა სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებში და მათი მეტი მონაწილეობა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში იქნება მყარი გარანტი ჩვენი ძლიერი მომავლის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.