ახვლედიანი: სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის ათწლიანი სახელმწიფო სტრატეგია დამტკიცდა

361

შემუშავდა და დამტკიცდა სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის ათწლიანი სახელმწიფო სტრატეგია, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა უწყების 10-წლიანი ხედვის და სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა სამი განზომილებით განისაზღვრება, ესენია – ქვეყნის სტრატეგიული განვითარება, მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველოს ევროპული არჩევანი.

„სულ ახლახან, საქართველოს მთავრობამ 2021-30 წლების ახალი სახელმწიფო სტრატეგია დაამტკიცა, რომლის ამბიციური, საშუალო და გრძელვადიანი მიზნები ორიენტირებულია თანაბარუფლებიანი და დემოკრატიული საზოგადოების განმტკიცებაზე, სადაც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად მისი ეთნიკური კუთვნილებისა, სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სრულფასოვანი მონაწილეობისთვის, პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა.

აღნიშნული გრძელვადიანი და შეუქცევადი პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად ჩვენ განვსაზღვრეთ პოლიტიკის ხუთი, ურთიერთდაკავშირებული პრიორიტეტული მიმართულება. ესენია: სახელმწიფო ენა ინტეგრაციის მხარდასაჭერად; ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა; თანასწორობა, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა; სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაცია; კულტურათაშორისი დიალოგი“, – განაცხადა ახვლედიანმა.

გარდა ამისა, თეა ახვლედიანმა ასევე ისაუბრა საერთაშორისო პარტნიორებზე და აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით გავზარდოთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოტენციალი.

მისივე შეფასებით, საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი.

„პირველ რიგში, მადლიერებას გამოვთქვამ საერთაშორისო საზოგადოების მიმართ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე, შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ მიერ ამ დრომდე გადადგმული ნაბიჯების და ინიციატივების მხარდაჭერისთვის. მადლობას ვუხდი ელჩებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და თითოეულ უცხოელ დიპლომატს და კოლეგას, რომლებთანაც გასული წლის მანძილზე, ინტენსიური თანამშრომლობით, პარტნიორობითა და თანადგომით მივაღწიეთ პროგრესს შესაბამისი მიმართულებებით.

ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ჟენევის თანათავმჯდომარეებთან კოორდინირებულ თანამშრომლობას და რეგულარულ კონსულტაციებს, მათ შორის ევროკავშირსა და აშშ-თან ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ფორმატებისა და სტრატეგიული დიალოგის შეხვედრების ფარგლებში; ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით გავზარდოთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოტენციალი, მივაღწიოთ გრძელვადიან მშვიდობას და შერიგების პოლიტიკის მიზნების რეალიზებას“, – განაცხადა ახვლედიანმა.