ბათუმის მერია ე.წ.იაფი სახლის პროგრამის ფარგლებში 40 ოჯახს ბინებს გადასცემს

669

ბათუმის მერია ე.წ.იაფი სახლის პროგრამის ფარგლებში 40 ოჯახს ბინებს გადასცემს. როგორც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, შემდგომი ეტაპი მომდევნო 40 ოჯახის ბინებით დაკმაყოფილების საკითხი იქნება.

,,ე.წ.იაფი სახლის პროექტის განხორციელების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. ამ ეტაპზე 40 ბენეფიციარი მიიღებს ბინებს, რაზეც კომისიამ პრაქტიკულად უკვე დაასრულა მუშაობა. ასევე დაასრულა მუშაობა კომპანიამ, რომელსაც ევალებოდა ბენეფიციარების შერჩევა. შემდგომი ეტაპი იქნება მომდევნო 40 ოჯახის ბინებით დაკმაყოფილების საკითხი. 31 აგვისტომდე გვაქვს ვადა, მივიღოთ განაცხადები და გავივლით იგივე პროცედურებს. ბუნებრივია, აღნიშნული პროგრამა გაგრძელდება. ჩვენ ბიუჯეტშიც გვაქვს გათვალისწინებული კონკრეტული ასიგნებები ჯავახიშვილისა და ორბელიანის ქუჩების კვეთაში ახალი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ წარმატებული პროექტია და უნდა გაგრძელდეს სამომავლოდაც“, – განაცახდა ჩიქოვანმა.