სოფელ ზუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ჯონი ჯალაღონიამ თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას ჯალაღონია საკუთარი „ფეისბუქ“ გვერდის მეშვეობით ავრცელებს.
ჯალაღონიას ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და ის „ბინძური ტყუილების კამპანიაა“, რომელსაც მმართველი პარტია საკუთარი გუნდის ყოფილი წევრის, ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ აგორებს.
მისივე თქმით, პოლიტიკურ საქმიანობას გიორგი გახარიას პარტია „საქართველოში“ გააგრძელებს.
“როგორც იცით, გახლავართ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, სოფელ ზუმის მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავჯდომარე და მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ.
ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, ის ბინძური ტყუილების კამპანია, რომელსაც მმართველი პარტია საკუთარი გუნდის ყოფილი წევრის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ აგორებს.
მიმაჩნია, რომ ბატონი გიორგი საქართველოს უახლოეს ისტორიაში იყო, არის და იქნება ერთ-ერთი საუკეთესო, ძლიერი პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც თავის გუნდთან ერთად, შეუძლია ჩვენი ქვეყნის არამარტო არსებული ქაოსიდან გამოყვანა, არამედ, წინ წაყვანა და განვითარება. სწორედ ამიტომ, ვუერთდები გიორგი გახარიას გუნდს“, – აღნიშნავს ჯონი ჯალაღონია.