ზუგდიდის მერიამ პირდაპირი შესყიდვის წესით ტელეკომპანია “იმედის” გადაცემის “ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად” მუსიკალურ-იუმორისტული პროგრამის შესრულების მომსახურების შესყიდვაზე 19 ათასი ლარი გამოყო. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მერიამ აღნიშნული შესყიდვის საფუძვლად ექსკლუზიური უფლებამოსილება მიუთითა. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.
“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, კულტურული ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუსიკალურ-იუმორისტული გასართობი ღონიძიების ჩატარება, სადაც მონაწილეობას მიიღებს “ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად” შემოქმედებითი ჯგუფი, გიორგი გაბუნია, ჯიმი აბესაძე და ღამის შოუს ბენდი გელა გნოლიძის ხელმძღვანელობით. მათი ჟანრი არის მუსიკალურ-იუმორისტული, რამაც უდაოდ განაპირობა პოპულარობა საზოგადოებაში. ღონისძიების ფორმატიდან გამომდინარე, აღნიშნული მუსიკალური პროგრამა შექმნის სადღესასწაულო განწყობას მაყურებლებისთვის”, – აღნიშნულია დოკუმენტაციაში.
მისცემს თუ არა შესყიდვების სააგენტო თანხმობას ზუგდიდის მერიას ზემოაღნიშნული შესყიდვის განსახორციელებლად რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
მერიაში ამბობენ, რომ მუსიკალური შოუს გამართვა ღია ცის ქვეშ არის დაგეგმილი, თუ ამას ეპიდვითარების გაუარესებამ არ შეუშალა ხელი.