კახეთში, მაღალბიუჯეტიანი ინფრასტრუქტურული პროექტების ტენდერები, კვლავ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა კომპანიებმა მოიგეს. ამის შესახებ რადიო ჰერეთი წერს.
პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი ზედელაშვილის დედის დაფუძნებული კომპანია ” სერპანტინი” თელავისა და დედოფლისწყაროს მუნიციპლიტეტებში, 2. 384.365 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს შეასრულებს.
1.319 .986 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, თელავიდან და ახმეტის მუნიციპალიტეტებში, ” ქართული ოცნების” ერთ- ერთი შემწირველის, სოფიო ლაჩაშვილის მამის, ტარიელ ლაჩაშვილის კომპანია, “გზამშენი- 2005” განახორციელებს.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თვლიან, რომ ტენდერებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილს, კომპანიები კვლავ “ქართულ ოცნებას” შესწირავენ.
” ესენი ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიები არიან და აქედან აღებული მილიონების ნაწილს, სახელისუფლებო პარტიას მისცემენ. ამიტომ ხდება ყველა ტენდერის პირობების მათზე მორგება”- განაცხადა ლეიბორისტული პარტიის კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ნიკა ვარდოშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში, სადაც ორივე კომპანიამ ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ტენდერები მოიგო, კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვეს.
მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსმა, ნათია ღაღაშვილმა, ჰერეთის ჟურნალისტთან, რომელთანაც კომუნიკაცია არაერთგზის ჰქონია, ნაცნობობა უარყო და განაცხადა, რომ თუ ჟურნალისტს არ იცნობს, საჯარო ინფორმაციასაც ვერ მისცემს.
“როგორც წესია, ისე ვაცხადებთ ტენდერებს. ახლა ბევრი საქმე მაქვს და შესვენებაზე დამირეკეთ. თუ გნებავთ, წერილობით მოგვმართეთ. საერთოდაც, მე თქვენ არ გიცნობთ და ინფორმაცია რატომ უნდა მოგცეთ ტელეფონით?”- განაცხადა ღაღაშვილმა.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა უკვე დაიწყეს.
კომპანია ” სერპანტინისა” და “გზამშენი – 2005”-ის მიერ მოგებული მილიონების ღირებულების ტენდერები, არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევის საგანი, უკვე რამდენჯერმე გახდა.