კობახიძე: რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული

465

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული.

ამის შესახებ კობახიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„თამამად შემიძლია გითხრათ ის, რაც პრინციპში, უკვე ვთქვით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხის გადაწყვეტა, არავითარი ფორმით. ანუ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს არ ექნება არავითარი მნიშვნელობა, რომც ავიღოთ სამი პროცენტი, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, 99 პროცენტი რომ ავიღოთ, არც მაშინ დაინიშნება. ჩვენ ვთქვით, რომ ნებისმიერ დროს თუ დაინახავთ, რომ ვითარება არის მომწიფებული, ჯანსაღი კოალიციური მმართველობა შედგეს საქართველოში, ამ შემთხვევაში, ყველაფრისგან დამოუკიდებლად, ჩვენი კეთილი ნებით მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. მაგრამ თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე ეს ვერ იქნება მიბმული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.