,,მხოლოდ საბანკო გარანტიების მოთხოვნა მონოპოლიურია” – კონკურენციის სააგენტომ ხაშურის მერიის მიდგომები შეისწავლა

442

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, კორუფციულ ნიშნებს შეიცავს მუნიციპალიტეტის მიდგომა, რომლის მიხედვით, ტენდერებში მონაწილე კომპანიებს მხოლოდ საბანკო გარანტიის წარდგენა ევალებათ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

ამის შესახებ მოსამართლეთა კოლეგიამ 2021 წლის მაისში იმსჯელა. სასამართლმ ძალაში დატოვა კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებული დასკვნა, რომლის გაუქმება სასამართლოში ხაშურის მერიასთან ერთად, მოითხოვა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა და თბილისის მერიამ.

როგორც ირკვევა, კონკურენციის სააგენტოს სადაზღვევო კომპანიებმა საჩივრით მიმართეს და მოითხოვეს ხაშურის მუნიციპალიტეტის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, თბილისის მერიისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერებში დამკვიდრებული პრაქტიკის შესწავლა.

ანტიკორუფციულმა სააგენტომ აღნიშნული მიდგომა არაკანონიერად სცნო.

სასამართლომ დაადგინდა, რომ მხოლოდ საბანკო გარანტიების მოთხოვნის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი არა თუ ზოგავდა სახელმწიფო სახსრებს, არამედ პირიქით, იწვევდა სახელმწიფო ხარჯის ზრდას, რაც გამოიხატებოდა ბანკების მიერ გაცემული საბანკო გარანტიის სიძვირეში.

ბანკის მიერ საბანკო გარანტიების გაცემის ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობით სახელმწიფო უფრო მეტ ფინანსურ ზარალს იღებდა, ვიდრე ეს იქნებოდა სადაზღვევო კომპანიების საბანკო გარანტიების გაცემის ბაზარზე არსებობისა და ბანკებისათვის ჯანსაღი კონკურენციის გაწევის შემთხვევაში.

აღნიშნული დასკვნის საფუძვლად სასამართლომ მიუთითა ამ მიმართულებით ჩატარებული ეკონომიკური ანალიზის შედეგებზე.

სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის, ხაშურის მუნიციპალიტეტი თვლიდან, რომ სადაზღვევო კომპანიები არიან არასაიმედოები:

“არასაიმედოობას ამყარებს სადაზღვევო კომპანიების შესაძლებლობა გასცენ გარანტიები, რომლებიც არ ექნებათ შესაბამისი ქონებით ან ფულადი თანხით უზრუნველყოფილი და არც გადაზღვეული ვალდებულება. შესაბამისად, საგარანტიო თანხის ანაზღაურების ვალდებულების შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიებს რეგრესის უფლებით თანხის მიღება პრობლემად ექცევათ და მაქსიმალურად თავს არიდებენ გარანტიით გათვალისწინებულ ვადებში გასცენ თანხები. საბანკო რეგულაციებით პირდაპირ აკრძალულია არაუზრუნველყოფილი საბანკო გარანტიების გაცემა და იმ ვალდებულებების აღება, რომელიც უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით, მაგრამ არ არის პირის საკრედიტო შესაძლებლობა მოკვლეული.” – აღნიშნულია სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ შედგენილ საჩივარში.

მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გაიზიარა საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და თვითმმართვეული ერთეულების საჩივრები და ძალაში დატოვა კონკურენციის სააგენტოს დასკვნა.