გურჯაანის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

489

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა. თემურ ზავრაშვილი გურჯაანში, ცხოველთა თავშესაფრის დირექტორად დაინიშნა. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფარი ჯერ არ ამოქმედებულა, თავად ზავრაშვილი რადიო ჰერეთთან, განმარტავს, რომ თვითმმართველობიდან მისი წასვლა, მერობის ახალი კანდიდატის დასახელებას არ უკავშირდება.

” არავითარ კავშირში არ არის მერობის ახალი კანდიდატის დასახელებასთან. მიუსაფარი ძაღლების პრობლემა, ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა რეგიონისათვის. მე ყოფილი სამხედრო ვარ და მადლიერიც კი ვარ, რომ ასეთი რთული საქმე მანდეს. ეს არ არის კარგი პრაქტიკა, ახალი ხელმძღვანელი მოვიდეს და დაქვემდებარებული პირები გაათავისუფლოს. მე აქ ხალხი დამხვდა და რატომ უნდა გავუშვა სამსახურიდან? ეს თავშესაფარი სასწრაფოდ ასამოქმედებელია და დიდი სამუშაოა ჩასატარებელი”- განაცხადა ზავრაშვილმა.

თემურ ზავრაშვილი მოადგილის თანამდებობაზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ამჟამინდელმა მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა დანიშნა. ხანდამაშვილი პარტია ” ქართულმა ოცნებამ” 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატად აღარ დაასახელა.

პარტიის სახელით, მერობისათვის, გურჯაანში, ექიმი მალხაზ უტიაშვილი იბრძოლებს.

ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაზე, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, 2 მილიონამდე თანხა დაიხარჯა, თუმცა ის ჯერჯერობით არ ამოქმედებულა.