სექტემბრიდან სკოლებში ვაკანსიები აღარ გამოცხადდება

521

პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც 2021 წლის გამოცდებზე დადებით შედეგს ვერ მიიღებენ სკოლაში კიდევ ერთი სემესტრის განმავლობაში იმუშავებენ.

მათ კომპეტენციის დასადასტურებლად ახალი შანსი მიეცათ, რომელიც 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე უნდა გამოიყენონ.

„იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილას, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გავლენ საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე და ვერ აიმაღლებენ სტატუსს (ვერ შეივსებენ/დააგროვებენ სტატუსის ამაღლებისთვის საჭირო 19 კრედიტქულას), სკოლის ადმინისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 თვისა კონკურსს გამოაცხადებს“, – ამის შესახებ მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში შეტანილ ცვლილებაშია საუბარი.

დოკუმენტს ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს. პრაქტიკოს მასწავლებლებს 2021 წლის ზაფხულში კომპეტენციის დადასტურების ბოლო შანსი ჰქონდათ, გამოცდის ვერ ჩაბარების შემთხვევაში კი სკოლის ადმინისტრაციას 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე პრაქტიკოსი მასწავლებლების ადგილი ვაკანტურად უნდა გამოეცხადებინა. ცვლილების თანახმად კი, მათ ვინც გამოცდებს ვერ ჩააბარებს, სკოლაში მუშაობის ვადა კიდევ ერთი სემესტრით გაუხანგრძლივდებათ და კომპეტენციის დადასტურების ახალი შანსი მიეცემათ.

„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც პრაქტიკოს მასწავლებელს (გარდა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლისა), რომელიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, უფლება აქვს, 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე აიმაღლოს მასწავლებლის სტატუსი.