წყალმომარაგების კომპანია მარნეულსა და ბოლნისში წყალმომარაგების კომპანიის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მშენებარე კონტრაქტორ კომპანია ’’Akelik Group”-თან, ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს იწყებს და უახლოეს პერიოდში ახალ ტენდერს გამოაცხადებს.
წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონტრაქტორის მიერ, მარნეულში შესრულებულ სამუშაოებს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ალექსანდრე თევდორაძე, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატთან, ზაურ დარგალთან ერთად ადგილზე გაეცნო.
„მარნეულში, აზერბაიჯანული კომპანია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების სამუშაოებს აწარმოებდა, თუმცა ბოლო პერიოდში სამუშაოები შეაჩერა. ჩვენ ადგილზე დავათვალიერეთ და ვნახეთ, თუ რა მდგომარეობაშია ტრანშეები (თრხილები), ღიად არის დატოვებული ჭები, არ არის დაცული უსაფრთხოება. შესაბამისად, წყალმომარაგების კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება და კომპანია ‘’Akelik Group”-თან დაიწყო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები. გამომდინარე იქედან, რომ ადგილობრივ მოსახლეობას უწევს გაუსაძლის პირობებში ცხოვრება, ჩვენ გადავწყვიტეთ და დღეიდან, საკუთარი ძალებით დავიწყეთ ღია თხრილების შევსება, ასევე, დავიწყებთ ჭების დახურვას“, – განაცხადა ალექსანდრე თევდორაძემ.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის თქმით, პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ არაერთი შეხვედრისა და გაფრთხილების მიუხედავად, ვერ შეძლო სახელშეკრულებო პირობების შესრულება. მან ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში მოწესრიგდება მარნეულის შვიდი ქუჩაც და ქალაქ ბოლნისში ორ ქუჩაზე ღიად დატოვებული ჭებიც წყლის კომპანიის ძალისხმევით დაიხურება.
„უახლოეს პერიოდში, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ვგეგმავთ ახალი ტენდერის გამოცხადებას და იმედს ვიტოვებთ, რომ გამარჯვებული კომპანია მარნეულსა და ბოლნისში დაწყებულ პროექტს ბოლომდე მიიყვანს და ორივე ქალაქს ექნება გამართული წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა ალექსანდრე თევდორაძემ.
მარნეულისა და ბოლნისის წყლისა და წყალარინების მშენებლობის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარების მშენებლობა, მაგისტრალური მილის, შიდა სისტემებისა და ახალი საკანალიზაციო ქსელის მოწყობა.