კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, მომდევნო 10 წელიწადში ქვეყნის მასშტაბით 4 ახალი ბანაკის მოწყობა იგეგმება. მისი თქმით, ახალი ბანაკები მოეწყობა სვანეთში, ზემო აჭარაში, გურიასა და მცხეთა-მთიანეთში. ამასთან, წულუკიანის განმარტებით, გეგმაშია არსებული ბანაკების რეაბილიტაციაც, უფრო კონკრეტულად მინისტრი აცხადებს, რომ შაორისა და ანაკლიის ბანაკები განახლდება. ჯამურად რა ინვესტიციის განხორციელება იგეგმება ახალგაზრდული ბანაკების მოწყობის მიმართულებით, თეა წულუკიანი კონკრეტულ რიცხვებზე არ საუბრობს.
“გვინდა რომ 4 ახალი ბანაკი მოვაწყოთ სვანეთში, ზემო აჭარაში, გურიასა და მცხეთა მთიანეთში. აქ საუბარია სრულიად ახალ ბანაკებზე. 10 წლის განმავლობაში ეს მნიშვნელოვან ინვესტიციას მოითხოვს, ასევე გვინდა განვაახლოთ შაორისა და ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკები. ახალგაზრდული ბანაკები ყოველწლიურად საქართველოს მასშტაბით 10 წლის თავზე 15 000 მონაწილეს უმასპინძლებს. ბანაკები არ იქნება მხოლოდ დასვენება და გართობა, რა თქმა უნდა, ეს არის ბანაკების მთავარი დანიშნულება, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბანაკები, როგორც საგანმანათლებლო და სახელმწიფოსთვის სტრატეგიულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების სივრცე.” – აცხადებს წულუკიანი.
ცნობისთვის, მომავლის ბანაკები საქართველოს მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე ხორციელდებოდა, მათ შორის ყველაზე ცნობილი ანაკლიისა და შაორის მომავლის ბანაკები იყო.
ბანაკების ორგანიზება 2016 წლიდან განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს ებარა, ხოლო 2019 წლის 26 აგვისტოს დადგენილებით აღნიშნული უწყების სამართალმემკვიდრე ახალგაზრდობის სააგენტო გახდა, რომელიც პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მყოფი უწყება იყო. მას შემდეგ კი, რაც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შეიქმნა, სააგენტო აღნიშნული სამინისტროს დაქვემდებარებაში მოექცა.
სახელმწიფო ბანაკები გასული წლიდან კორონავირუსის პანდემიის გამო აღარ ჩატარებულა. გასული წლის ივლისში ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი BM.GE-თან ამბობდა, რომ ახალგაზრდობის სააგენტოს ბანაკების პროგრამის განხორციელების კუთხით სხვა გეგმები ჰქონდა, რაც მომავლის ბანაკის ჩანაცვლებას გულისხმობდა. სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი სახელმწიფო ბანაკების პროგრამის ჩატარებას და დაფინანსების აუთსორსზე გატანას განიხილავდა.