ჯაფარიძე: საზოგადოებას არ სჭირდება ყველა პარტია ერთად, რაღაც ხელოვნურ ერთობაში – საზოგადოებას ოპოზიციურ სპექტრში ფართო არჩევანი სჭირდება

297

ჩვენ ვიდგებით იქ, სადაც „ლელოს“ ადგილია – ეს არის ალტერნატივა საზოგადოებისთვის, – ასე უპასუხა ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძემ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

როგორც ჯაფარიძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, საზოგადოებას არ სჭირდება ყველა ერთად, რაღაც ხელოვნურ ერთობაში.

„საზოგადოებას ოპოზიციურ სპექტრში ფართო არჩევანი სჭირდება. საზოგადოებას ისეთი ოპოზიცია სჭირდება, რომელსაც შეუძლია ფართო სპექტრი შესთავაზოს. ყველანი ვართ განსხვავებული. დიდი შეცდომაა, როდესაც განსხავებულების შეერთება და წარმოჩენა ხდება, რომ ეს არის ერთი.

ჩვენ ისე ვიმოქმედებთ, რომ ოპოზიციურმა ძალებმა რაღაც ხელოვნური ერთეული კი არ შეკრან, არამედ ერთმანეთი შეავსონ. აუცილებელია საზოგადოების დაკვეთა გავითვალისწინოთ – დაკვეთაა ოპოზიციამ „ქართული ოცნება“ დაამარცხოს და ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს. ეს იმას გულისხმობს, რომ ოპოზიციას ფართო შეთავაზება უნდა ჰქონდეს. ეს არის გამარჯვების გასაღები“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ამასთან, ჯაფარიძე იმასაც ამბობს, ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციები და კოორდინაცია აუცილებელია.

„ოპოზიციის საერთო ამოცანაა, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 43% ვერ აიღოს და რიგგარეშე არჩევნები ჩაინიშნოს, რაზეც „ლელო“ მთელს ძალისხმევას გაიღებს“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.