ბათუმის მერია ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის წინააღმდეგ დავაში, მორიგ ეტაპზე გადავიდა. ქალაქის თვითმმართველობამ საჩივრით ამჯერად, უზენაეს სასამართლოს მიმართა. მოპასუხე მხარე ფიქრობს, რომ მერია უბრალოდ პროცესს აჭიანურებს, რადგან ორი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, ცვლილებების შანსი ფაქტობრივად არ არის. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ისე ქუთაისის სააპელაციო ინსტანციამ დაადგინა, რომ მერიის უარი, უმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით დისკრიმინაციული იყო.
ჯერ კიდევ 2019 წლის 30 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამრთლოს მოსამართლემ, ჯუმბერ ბეჟანიძემ თქვა, რომ მერიის არგუმენტი, თითქოს მეჩეთის აშენებით დაირღვეოდა ქალაქგანვითარების გეგმა, უსაფუძვლო იყო, რადგან, იმავე ზონაში რამდენიმე მართლამდიდებლური ეკლესია მოქმედებს. მოსამართლეს სამშენებლო ნებართვის გაცემა არ დაუვალებია, მხოლოდ უთხრა რომ ხელახლა შეესწავლა მშენებლობის პირველი სტადიისთვის საჭირო აქტი. სწორედ ამ გადაწყვეტილებებს ასაჩივრებს დღემდე ბათუმის მერია.
ბათუმში, ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდი კი მშენებლობის ნებართვის მოლოდინშია.