ბათუმში საბავშვო ბაღების, სკოლების, სოციალური სახლებისა და მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა იწყება

639

აჭარის მთავრობის გასვლით სხდომაზე ბათუმის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს. ბათუმის ბიუჯეტი 46 807 300 ლარით გაიზარდა და 204 800 000 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, დამატებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბათუმში 82 მლნ ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდება. ნაერთი ბიუჯეტი 237 მლნ ლარს შეადგენს.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, ბათუმი დინამიურად და მრავალმხრივ ვითარდება და ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ეს განვითარება ყოფილიყო შეუქცევადი.

„ბათუმი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ქალაქი ვითარდება ძალიან დინამიურად, მრავალმხრივ როგორც ეკონომიკის, ტურიზმის, განათლების, ინფრასტრუქტურის სპორტის მიმართულებით და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს განვითარება ყოფილიყო შეუქცევადი და ყველაფერი კეთდება, რომ გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში ბათუმს და ბათუმელებს ჰქონდეთ კიდევ უფრო მეტი პერსპექტივა, დასაქმება, სოციალური პირობების გაუმჯობესება და მეტი ხელმისაწვდომობა ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზე.

გაზრდილი ბიუჯეტი მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენ წლის განმავლობაში განვახორციელოთ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი მუნიციპალიტეტთან ერთად და ეს ბიუჯეტი ითვალისწინებს როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე საგზაო, საგანმანათლებლო და საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობას”,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მისივე თქმით, აჭარაში გაიზარდა სოციალური და ჯანდაცვის დაფინანსება, რომელიც ჯამში 17 მილიონ ლარამდეა. საგზაო ინფრასტრუქტურისთვის 43 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული. როგორც რიჟვაძემ აღნიშნა, ბათუმში იწყება ახალი სარეკრეაციო სივრცეების მშენებლობა, მათ შორის მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურის მოწყობა, მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარი, ახალი იპოდრომი და სარეკრეაციო სივრცე.

სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ასევე ქალაქის სწორი განვითარების მნიშვნელობაზე, სივრცით დაგეგმვასა და ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმაზე.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძლოთ ქალაქის სწორი განვითარება, მისი სივრცითი დაგეგმვა, როგორც მოგეხსენებათ დასკვნით ეტაპზეა ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმა. მალე მოხდება ამ გეგმის დამტკიცება, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მოგვცემს საშუალებას, რომ როგორც ბულვარი, ასევე მთლიანად ეს სარეკრეაციო სივრცე განვითარდეს თანმიმდევრულად ყოველგვარი ქაოტური განაშენიანების გარეშე. დაწყებულია მუშაობა ბათუმის განაშენიანების გეგმაზე. ეს პროცესიც აუცილებლად იქნება მიყვანილი ბოლომდე. ასევე ბათუმელებისთვის და სტუმრებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საგზაო ინფრასტრუქტურა და 43 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი ამ მიმართულებით. განხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების მშენებლობა, როგორიც გახლავთ ბარცხანის ხიდის რეკონსტრუქცია, გოგოლის ქუჩა, ასევე ცალკე აღვნიშნავ ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციას, რომელიც წლების განმავლობაში იყო ერთ-ერთი დიდი გამოწვევა. ასევე ავტოპარკის, ავტობუსების განახლება არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და წელს, ჩვენ დავამატებთ 40 ახალ ავტობუსს და მომავალი წლისთვის სრულად განახლდება ბათუმის ავტოპარკი. ამისთვის გვესაჭიროება ჯამში დამატებით 60 ავტობუსი”, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, „ოცნების ქალაქის” მშენებლობა, რაც გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება იყო, მიმდინარეობს და ძალიან მალე დაიწყება წყალარინების სისტემის მოწყობა და წლის ბოლოსთვის, პირველი ფაზა იქნება დასრულებული. განახლებული რეგიონების პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება, ბათუმში მოეწყობა ახალი მწვანე დერეფანი გმირთა ხეივანში, რომელიც ტურისტებისთვის და ბათუმელებისთვის იქნება ახალი მიზიდულობის ცენტრი.

„ბათუმში ხორციელდება 80-ზე მეტი საინვესტიციო პროექტი და პანდემიის პირობებში არცერთი შეჩერებულა. არ დაკარგულა სამუშაო ადგილები. ჯამში მათი საინვესტიციო მოცულობა შეადგენს 2 მილიარდ ლარს. განათლების მიმართულებით ხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. იწყება ახალი სკოლების მშენებლობა და მიმდინარეობს 9 სკოლის რეაბილიტაცია. ბათუმის მუნიციპალიტეტი გეგმავს 3 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას, რომელიც იყო ბათუმელებისთვის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა წლების განმავლობაში“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.