იაპონიის ელჩი: მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც საქართველო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით დგას, არის ხარისხი

326

იაპონია საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერია. ჩვენი ქვეყანა თქვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას უწევს, – ამის შესახებ იაპონიის ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ განაცხადა.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაფინანსების უზრუნველყოფა განხორციელდა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ქუთაისის შემოვლითი გზისთვის, რომელიც უკვე დასრულებულია. ჩვენ უზრუნველვყოფთ გრანტებს სოფლის მეურნეობის, განათლების, გარემოს დაცვის სფეროების ობიექტებისთვის. დაინტერესებული ვართ თანამშრომლობის გაგრძელებით საქართველოს მთავრობასთან, მუნიციპალიტეტებთან, ეს მნიშვნელოვანია იმ დაკავშირებადობის გასაძლიერებლად, რასაც საქართველო ახორციელებს“, – აღნიშნა ელჩმა.

კითხვაზე, საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს რეგიონალური ჰაბი, იაპონელმა დიპლომატმა უპასუხა, რომ საქართველოს ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს.

„საქართველოს გეოპოლიტიკური და გეოგრაფიული მდებარეობა ძალიან მნიშვნელოვანია აზიისა და ევროპის დაკავშირების კუთხით. იაპონია, რასაკვირველია, მოუთმენლად ელის ამ დაკავშირებადობის ფუნქციის, როგორც აღმოსავლეთ–დასავლეთის კორიდორის, გაძლიერებას.

ვფიქრობ, მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც საქართველო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით დგას, არის ხარისხი. ჩვენ უზრუნველვყოფთ მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურას საქართველოში. ვიცი, რომ საქართველოს ევროკავშირიც ეხმარება იმისთვის, რომ მაღალი სტანდარტის ინფრასტრუქტურა ჰქონდეს. ჩვენ შევთანხმდით ევროკავშირთან საქართველოში ამ მაღალი სტანდარტების მიღწევაზე,“- აღნიშნა ელჩმა.