ოპოზიციამ, შესაძლოა, მარნეულში მერობის საერთო კანდიდატი დაასახელოს

852

ოპოზიციურ პარტიებში მარნეულის მერობის საერთო კანდიდატის დასახელებისათვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მომავალი კვირიდან ცნობილი გახდება ეყოლება თუ არა ოპოზიციას საერთო კანდიდატი მარნეულში, მაგრამ მანამდე უკვე ცნობილია თუ ვინ შეიძლება იყოს მერობის კანდიდატები იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციური პარტიები საერთო კანდიდატზე ვერ შეჯერდნენ „ევროპული საქართველოდან“ მარნეულის მერის კანდიდატი ახმედ იმამკულიევი იქნება.

„ჩვენ ცენტრალურ დონეზე და მარნეულის შტაბთანაც გვაქვს ურთიერთობა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ შევთანხმდეთ მერობის და მაჟორიტარობის ერთ კანდიდატზე. სულ 11 მაჟორიტარობის კანდიდატია მარნეულის მუნიციპალიტეტში, რომლებიც საკრებულოს წევრობისათვის იბრძოლებენ. ჩვენ უკვე შევთავაზეთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომ თუ ერთ ოლქში „ენმ“ დანიშნავს კანდიდატს იქ სხვა ოპოზიციური პარტიები აღარ დანიშნავენ, ხოლო თუ მეორე ოლქშ „ევროპული საქართველო“ დანიშნავს კანდიდატს მაშინ იქ სხვა ოპოზიციური პარტიები აღარ დანიშნავენ“. – განაცხადა ახმედ იმამკულიევმა

იმამკულიევის განმარტებით, მოლაპარაკებების დასრულების შემდგომ გახდება ცნობილი თუ ვინ შეიძლება იყოს ოპოზიციის საერთო კანდიდატი, მაგრამ განმარტავს, რომ „ევროპული საქართველო“ კანდიდატების შერჩევის დროს მის კანდიდატურას დაასახელებს.

„ევროპული საქართველოს“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელისაგან განსხვავებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი აგილ მუსტაფაევი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია საერთო კანდიდატზე შეთანხმდება, ეს კანდიდატი „ენმ“-დან უნდა იყოს. რადგან როგორც ის განმარტავს, „ენმ“-ს მარნეულში ყოველ არჩევნებზე ყველაზე მეტი მხარდაჭერა აქვს.

„ამ კვირის ბოლომდე ცნობილი იქნება ჩვენი კანდიდატების ვინაობა. პარტიაში ორი კანდიდატი იხილება, ეს ვარ მე და აზერ სულეიმანოვი. კვირის ბოლოს უკვე დაზუსტებით იქნება ცნობილი თუ ვინ იქნება კანდიდატი“. – განაცხადა აგილ მუსტაფაევმა

საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. მარნეულელები ახალ მერს და საკრებულოს წევრებს აირჩევენ.